Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროკურატურა გერმანიას მიმართავს გიორგი კალანდაძის ექსტრადიციის მიზნით


გიორგი კალანდაძე (საარქივო ფოტო)

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დააკავეს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე.

პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე გერმანელმა სამართალდამცავებმა 19 დეკემბერს, ბერლინის აეროპორტში დააკავეს.

გენერალური პროკურატურის თანახმად, საქართველოში კალანდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებებით, რაც 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ივლისში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით, ე.კ.-სთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი რომან შამათავა:

"2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს".

საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი კალანდაძის ექსტრადიციის შუამდგომლობით გერმანულ მხარეს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, გიორგი კალანდაძეს წარდგენილი ჰქონდა სხვა ბრალდებაც - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ამ ბრალდებით კალანდაძე 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. 2013 წლის აგვისტოში სასამართლომ კალანდაძე გაამართლა. ბოლო წლებში გიორგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG