Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატისტიკა: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შარშანდელზე 25.1%-ით მეტია


2021 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.1%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 20 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია 26.7%-ით, ხოლო იმპორტი 24.5%-ით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი. პირველ ხუთეულში ასევე არიან: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში იყვნენ ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ხოლო საიმპორტო სამეულში - თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საექსპორტო საქონლის ჯგუფში პირველ ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე - მსუბუქი ავტომობილები და მესამეზე - ფეროშენადნობები. საიმპორტო საქონლის ჯგუფში პირველ ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, მეორეზე - ნავთობი და ნავთობპროდუქტები და მესამეზე - სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG