Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართული არიან მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები


ორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის შესახებ განცხადებას აქვეყნებს მისი ადმინისტრაცია. მასში განმარტებულია ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები.

„ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. განცხადების თანახმად, პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია. ამ დღეს მან თქვა, რომ შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე და თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ დაიძაბა. ამ ფონზე სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG