მედიასააგენტო „მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი არობელიძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ ბათუმში პოლიციელებმა სცემეს მე-6 განყოფილებაში. „მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა", - წერს არობელიძე. ჟურნალისტის თქმით, ასევე, ნაცემია მისი მეგობარი. მათ პოლიციელების წინააღმდეგ მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში, 19 დეკემბერს დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
გიორგი არობელიძე დეტალურად აღწერს პოლიციაში წაყვანისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევას.
„ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.
ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.
5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.
გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.
ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.
ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.
მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.
კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები", - წერს არობელიძე.
დაწერეთ კომენტარი