რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს. ამის შესახებ ლავროვმა ოკუპირებული რესპუბლიკების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან, დიმიტრი მედოევთან და ინალ არძინბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოსაზრებების გაცვლის დროს მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთის ფედერაციას და ახალგაზრდა ამიერკავკასიურ რესპუბლიკებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობის დინამიური განვითარება. რუსეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში, უსაფრთხოების განმტკიცებასა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროების განვითარებაში“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში.
ოფიციალური საიტის თანახმად, ლავროვმა თავის კოლეგებს გააცნო რუსეთის მიერ რეგიონში შექმნილი ვითარების გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯები, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 9 ნოემბრის და 11 იანვრის, ასევე ამა წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულება და აგრეთვე „საკონსულტაციო რეგიონული პროექტის - 3+3-ის ამოქმედება“.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ პლატფორმაში - 3+3 მონაწილეობას არ აპირებს და მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს სთავაზობს მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე გამოიხატა საერთო განწყობილება საზღვარგარეთის ქვეყნებთან სოხუმისა და ცხინვალის ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის გაღრმავების შესახებ.
„ყურადღება გამახვილდა დიალოგის ამ უნიკალური ფორმატის უალტერნატივობაზე, მასში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (საქართველოსთან, რუსეთთან და აშშ-თან ერთად) ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობაზე ეუთოს, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სერგეი ლავროვის შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან სოჭში 20 დეკემბერს გაიმართა.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
დაწერეთ კომენტარი