თურქული ლირა დოლართან მიმართებით 15 პროცენტით გამყარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა ზომების მიღების შესახებ, რომლებიც ეროვნულ ვალუტაში გაკეთებულ დეპოზიტებს ბაზრის ცვალებადობისგან დაიცავდა.
20 დეკემბრის საღამოს გამოსვლაში ერდოანმა განაცხადა, რომ მთავრობა დაფარავდა ლირაში გაკეთებული დეპოზიტების დანაკარგებს, თუ დევალვაცია ბანკის პროცენტს გადააჭარბებდა. თურქეთის ბანკების ასოციაციების განცხადებით, ბაზარზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიყიდა.
20 დეკემბერს თურქეთის ვალუტა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე იყო - 1 დოლარი 18,36 ლირა ღირდა. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კი ის მკვეთრად გამყარდა. 21 დეკემბრის დილით 1 დოლარი უკვე 11 ლირა ღირდა, შუადღისას კი ფასი დასტაბილურდა და 14 ლირა შეადგინა.
2021 წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით დაახლოებით 40%-ით იყო გაუფასურებული. ამ წლის სექტემბრის მონაცემებით, თურქეთში ინფლაცია 20% იყო.