Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი უსაფრთხოების საკითხებზე, სავარაუდოდ, იანვარში გამართავენ მოლაპარაკებას


მოსალოდნელია, რომ აშშ და რუსეთი ორმხრივ მოლაპარაკებებს მოსკოვის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების წინადადებების შესახებ მომავალი წლის იანვარში გამართავენ. მანამდე მოსკოვმა კვლავ გააფრთხილა დასავლეთი, რომ ადეკვატური სამხედრო-ტექნიკური ზომებით დაუპირისპირდება უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე „მტრულ“ მოქმედებას.

„ჩვენ რუსეთთან ერთად ჩამოვყალიბდებით თარიღზე და, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება იანვარში“, - ამის შესახებ მედიასთან საუბარში 21 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კარენ დორნფილდმა, განაცხადა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, დღეს ნატო გამართავს შეხვედრას, რომელზეც განიხილება მოსკოვის მიერ წამოყენებული წინადადებების გარშემო მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციის მიწვევის საკითხი. ასევე ეუთოშიც მიმდინარეობს მუშაობს იმის გასარკვევად, თუ როგორ სურს მას ჩაერთოს რუსეთთან ურთიერთქმედებაში.

„ვფიქრობ, რომ იანვარში ჩვენ დავინახავთ მოძრაობას ამ არხის საშუალებით“, - განაცხადა დორნფილდმა.

მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეკ სალივანმა 20 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან გამართოს დიალოგი რამდენიმე არხის საშუალებით.

კერძოდ, პირდაპირი ორმხრივი დიალოგის გარდა, შესაძლოა მოლაპარაკების გამართვა ნატო-რუსეთის საბჭოს და ეუთოს ფორმატებში. ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ევროპაში ვაშინგტონის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით უნდა გაიმართოს, მაგრამ მანამდე რუსეთმა უნდა მოხსნას დასავლეთთან არსებული დაძაბულობა, რაც უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრაციით არის გამოწვეული.


რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცის გადასროლასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო.

წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

თავის მხრივ, მოსკოვი კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციაში.

„დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“, - განაცხადა პუტინმა 20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. პუტინმა სამხედრო სარდლობას უთხრა, რომ ნატო აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლას რუსეთის საზღვრებთან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის გამოსვლაში რუსეთის საფრთხე უწოდა ნატოს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან და აღნიშნა, რომ დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება რომელიღაც ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი, რომლებიც, შოიგუს თქმით, „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG