Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა პოლიტიკოსებსა და სახალხო დამცველს


სალომე ზურაბიშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ცოტნე კობერიძე.
სალომე ზურაბიშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ცოტნე კობერიძე.

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვდა პოლიტიკოსებსა და სახალხო დამცველს. შეხვედრის შემდეგ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ საზოგადოებაში, მედიასა და პოლიტიკოსებში არასწორი წარმოდგენაა პროცესის შესახებ.

„როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამიხსნა, საუბარია პროცესის წამოწყებაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრებას და ამის ბაზაზე ერის კონსოლიდაციას გარკვეულ საკითხებზე. ეს პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ან რაიმე ტიპის შეთანხმება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ამ ქვეყანაში.

კრიზისის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით და ვერც ვერანაირ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ქართული ოცნება” არ შეასრულებს იმას, რაზეც რვა თვის წინ შეთანხმდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია. მაგრამ, როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე არც არის საუბარი, საუბარია ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლები გაიწელოს", - თქვა ჯაფარიძემ.

სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია.
სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. როგორც სახალხო დამცველმა თქვა, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა.

„პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი იყოს აღქმული, როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად ან გარიგებად. ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა, თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია.
სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია.

პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მისი დამოკიდებულება პროცესის მიმართ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა.

„პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს", - შენიშნა ხოშტარიამ.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG