Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მმართველ პარტიასთან უთანხმოების გამო ერევნის მერი თანამდებობიდან გადააყენეს


ჰაიკ მარუთიანი
ჰაიკ მარუთიანი

სომხეთის დედაქალაქის საბჭომ ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენა ერევნის მერი ჰაიკ მარუთიანი, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა სომხეთის მმართველ „სამოქალაქო შეთანხმების“ პარტიასთან. 22 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე მერისადმი უნდობლობის გამოცხადებას დედაქალაქის საბჭოს 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო. უნდობლობის ოფიციალურ მიზეზად დეპუტატებმა ქალაქის "არასაკმარისად ეფექტიანი“ მართვა დაასახელეს.

მაგრამ კენჭისყრამდე მარუთიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, 2018 წლის სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის იდეალების ღალატში დაადანაშაულა:

„ვფიქრობდი, რომ რევოლუციონერების უმაღლეს მიზნად სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენდა. მაგრამ სინამდვილეში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე ქვეყანაში 30%-ის ფარგლებში მერყეობს“, - განაცხადა მარუთიანმა ერევნის საბჭოს წევრებისადმი თავის მიმართვაში.

ყოფილმა მერმა განსაკუთრებით მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირებისათვის ანაზღაურების გაზრდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ
გაილაშქრა და აღნიშნა, რომ მერად მუშაობის დროს, სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები მას ხშირად მიმართავდნენ დახმარების აღმოჩენის თხოვნით.

ჰაიკ მარუთიანმა, ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ 2018 წლის იმ მასობრივი გამოსვლებისა, რომელმაც სომხეთის ყოფილი ლიდერი, სერჟ სარქისიანი დაამხო, მმართველი პარტია 2020 წლის დეკემბერში დატოვა.

თავის მხრივ, სომხეთის მმართველი პარტიის წევრები ერევნის მერს ადანაშაულებენ იმაში, რომ ფაშინიანის წინააღმდეგ 2020 წლის ნოემბერში დაწყებული გამოსვლების დროს, უუნარო აღმოჩნდა სათანადოდ დახმარებოდა მთავრობას, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ოპოზიცია ღალატში ადანაშაულებდა და პიკეტებს უწყობდა.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ერევნის ყოფილი მერის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერევნის მუნიციპალურმა საბჭომ ჰაიკ მარუთიანის ნაცვლად დედაქალქის მერად მისი მოადგილე, ჰრაჩია სარქისიანი, აირჩია.

XS
SM
MD
LG