ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს.
22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. "საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ დროის ჩარჩოებზე და ისინი არ არის ხანგრძლივი", - თქვა მან. როცა ჟურნალისტებმა დაკონკრეტება სთხოვეს, სალივანმა აღნიშნა, რომ საუბარი "კვირებს" ეხება.
სალივანის განცხადებების ფონია ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეთა ცნობები, რომ ხელშეკრულების აღდგენის მიზნით გამართული შეხვედრები ნელი ტემპით მიმდინარეობს. აშშ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც ირანს დასჭირდება ბირთვული იარაღის შესაქმნელად, "დაუშვებლად შემცირებულია". თეირანი უარყოფს ცნობებს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება შემდეგ კვირაში უნდა განახლდეს.