Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში პოლიტიკოსებს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი.
სალომე ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანი.

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში პოლიტიკოსებს შეხვდა. მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, პარლამენტის ყოფილი წევრი ენძელა მაჭავარიანი, „ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი, პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლები გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ნათია მეზვრიშვილი და კახა ქემოკლიძე.

სალომე ზურაბიშვილი, ენძელა მაჭავარიანი.
სალომე ზურაბიშვილი, ენძელა მაჭავარიანი.

გიგი წერეთლის თქმით, როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო ეროვნულ შეთანხმებაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კრიზისის განმუხტვის კუთხით.

„როგორც დავინახეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა. უმთავრესად ეს არის ხელისუფლების საქმე, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ხელისუფლების გაგება მთელი ამ კრიზისის სიღრმის, რაც დღეს არის საქართველოში და არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, მაშინ ეს ფორმატი იქნება მხოლოდ ზოგადი დისკუსიების ფორმატი. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმე შანსი არსებობს შეთანხმების. ჯერჯერობით სკეპსისი არის დიდი", - აცხადებს გიგი წერეთელი.

სალომე ზურაბიშვილი, გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია.
სალომე ზურაბიშვილი, გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის" პროცესში მონაწილეობას აუცილებლად გააგრძელებს. „ჩვენთვის მისასალმებელია პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენი პარტია აქცენტს არაერთხელ აკეთებდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია, შევამციროთ რადიკალიზაცია, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება ვერცერთი მიმართულებით. პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ის აგრძელებს ამ ტიპის დისკუსიებს, მათ შორის საზოგადოებრივ წრეებთან", - თქვა მეზვრიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ნათია მეზვრიშვილი, კახა ქემოკლიძე.
სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ნათია მეზვრიშვილი, კახა ქემოკლიძე.

პრეზიდენტი უკვე შეხვდა: "ნაციონალური მოძრაობის, "ქართული ოცნების", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "მოქალაქეების", "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის", "ხალხისთვის" და სხვა პარტიების წარმომადგენლებსა თუ უპარტიო პოლიტიკოსებს. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG