Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: ეროვნული თანხმობა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე არ გადის


გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის შეფასებისას ამბობს, რომ ეროვნული თანხმობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების საკითხზე არ გადის. მისი თქმით, ვისაც ეროვნული თანხმობა უნდა, დანაშაული უნდა მოინანიოს მაინც:

„ეროვნული თანხმობა სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე არ გადის. მე მგონია, რომ პირიქით, ეროვნული თანხმობა თუ ვინმეს უნდა, ადამიანმა ვინც დააშავა და სერიოზულად დააშავა, თან მხოლოდ იმის მეასედი ნაწილი გაქვს წაყენებული სასამართლოს მხრიდან, ალბათ, უნდა გარკვეულად თუ არ მოიხდის ბოლომდე, მოინანიოს მაინც და თუ ასეთი არ ხდება, აქ უკვე სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, მოლაპარაკებები წარმატებებს ვერ მოიტანს, თუ ეროვნული თანხმობის პროცესი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე იქნება ფოკუსირებული. მისივე თქმით, „თამაშია“ ის, რომ შიმშილობის აქციის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ჩაერთოს პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესში:

„ვითარება, რომელიც შეიქმნა, არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს გარშემო მიდის, რაც რეგიონში მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე პარტია, რომელიც ცდილობს, რომ საერთაშორისო დაძაბულობა გამოიყენოს თავის წარმატებისათვის და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, იმის თქმა, რომ ის მიდის სალომე ზურაბიშვილთან ან 100 დღის მერე მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, ეს არის მლიქვნელობა ხალხის წინაშე, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინაშე ვისაც დაუშავეს“, - აცხადებს გია ვოლსკი. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკებებში პრაქტიკულად ვერც ჩაერთვება:

„ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რომ გავაანალიზოთ, იმათი პერსპექტივიდან, პრაქტიკულად ვერც დაჯდებიან იმიტომ, რომ ლიდერი, რომელიც აფინანსებს, რომელიც ერთადერთია და განუმეორებელია [ციხეშია]...მელია ლიდერად არ აღიქმება, რაღაცა სლენგი რომ ვიხმარო, ბოევიკების ლიდერს უფრო გავს, ვიდრე პარტიულ ლიდერს...სხვაგვარად როგორ ქნან, ადამიანი ზის ციხეში, როგორ მოახერხონ? ვერ შეავსეს ის ველი, სადაც არის ციხეზე შეტევა, შტურმი ვერ განახორციელეს, ის მასიური არეულობა ვერ განახორციელეს, რაც დაგეგმილი იყო და ამ იმაში იქნება შიმშილობა გამოგვადგესო და სად უნდა ვილაპარაკოთ, რა თემაზე ვილაპარაკოთ?.. მაგათთვის დაიკეტა ეს თემა, ვერ წამოგყვება, ვერ დაგელაპარაკება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „დილის საუბრებში“.

პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა და შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია. ამ დღეს მან თქვა, რომ შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე და თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG