Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მიიღებს. თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ლაპარაკია COVID-19-ის სამკურნალო ორ პრეპარატზე - „პაქსლოვიდზე“ და "მოლნუპირავირზე", რომლებიც კვლევების თანახმად, მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ერთი თვის წინ თენგიზ ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“. ცერცვაძის თქმით, ელოდნენ, თუ როდის მისცემდა ამ ორ პრეპარატს ავტორიზაციას აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA).

FDA-მ ორივე მედიკამენტს გასული რამდენიმე დღის წინ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

XS
SM
MD
LG