Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმოსურმა ტელესკოპმა დაასრულა საკორექციო წვა, საბოლოო ორბიტისკენ ტრაექტორიის მისაღებად


NASA-ს მეცნიერების თქმით, კოსმოსში 25 დეკემბერს გაშვებულმა ტელესკოპმა ჯეიმს უებმა დაახლოებით 12 საათში დაასრულა საკორექციო წვის პირველი ეტაპი, მის სვლაში საბოლოო ორბიტისკენ, რომელიც დედამიწისგან 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.

საკორექციო წვამ საათზე ცოტა მეტი დრო გასტანა და უზრუნველყო ორბიტისკენ ტელესკოპის ტრაექტორიის გამოკვეთა - აცხადებს NASA. ეს წვა იყო ერთ-ერთი ორი ეტაპისგან, რომელთათვისაც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი იყო მზის მასივის ამუშავება, რაც ტელესკოპის გაშვებიდან მალევე განხორციელდა, - ამბობს NASA. საერთო ჯამში, ოპერაციის მსვლელობისას იქნება სამი საკორექციო მანევრი, მაგრამ სხვებისთვის დრო აღარ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის და, ამდენად, მათი ადგილმდებარეობა, დრო და ხანგრძლივობა შესაძლოა შეიცვალოს, სანამ ტელესკოპი მისი შორეული ადგილისკენ მიემართება.

NASA და ამ პროექტში მისი პარტნიორები, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტო მიესალმნენ ძლიერი ახალი ტელესკოპის გაშვებას, რომელიც, ასტრონომების თქმით, რევოლუციას მოახდენს კვლევებში სამყაროს წარმოშობის შესახებ. "რა საოცარი დღეა. ეს ნამდვილად შობაა", - განაცხადა ტომას ზურბხენმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების ხელმძღვანელმა, ტელესკოპის გაშვების შემდეგ. NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ბელსონმა ახალ ტელესკოპს უწოდა "დროის მანქანა", რომელიც "აღბეჭდავს სინათლეს შექმნის საწყისი ეტაპიდან".

აპარატი, რომელიც საფრანგეთის გვიანის კურუს პოლიგონიდან გაუშვეს, კოსმოსს გამოიკვლევს ინფრაწითელ და ოპტიკურ დიაპაზონში, რაც შესაძლებელს გახდის ბევრი სიახლის გაგებას გალაქტიკათა ევოლუციის შესახებ. გარდა ამისა, "ჯეიმს უები" შეისწავლის შორეული პლანეტების ატმოსფეროებს - რაც მეცნიერებისთვის შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, ვარგისია თუ არა ისინი სიცოცხლისთვის.

XS
SM
MD
LG