ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელმაც მინისტრის თანამდებობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა, რომლის ნაწილიც პანდემიის მართვას შეეხებოდა. ყოფილი მინისტრის თქმით, ქვეყანა სათანადოდ იყო მომზადებული პანდემიისთვის პირველი ინფიცირების შემთხვევის დაფიქსირებამდე, შემდეგ კი საზოგადოებისგან მეტ დამნდობ და პარტნიორულ ურთიერთობას ელოდა.
"საქართველოში კორონავირუსის მართვის პირველი გამოწვევა იყო მზაობა. რამდენად დროულად მოვემზადეთ თუ არ მოვემზადეთ. ამასთან მიმართებაშიც ნამდვილად არავინ გვინდობდა. თუმცა ახლა უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც ის იყო, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი. ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ ყველაზე მეტად ბატონი თენგიზი იყოს სამინისტროს თანამშრომელი, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როცა მინისტრი გახდა, ქართულ კლინიკებში "ჩვეულებრივი, არასაშიში ინფექციების" მართვაც კი გამოწვევა იყო, რის გამოც პანდემია ქართული სამედიცინო სექტორისთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა.
ეკატერინე ტიკარაძემ მოხსენებისას ისაუბრა პრობლემურ საკითხებზეც, რომლებზე შეთანხმებაც მარტივი არ ყოფილა. მაგალითად, მან თქვა, რომ უჭირდა საველე ჰოსპიტლის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბოლოოდ დადებითად აფასებს მის ფუნქციონირებას, იქიდან გამომდინარე, რომ საველე ჰოსპიტლების ყველა საწოლი აღჭურვილი იყო ჟანგბადით და ის წარმოადგენდა არა მხოლოდ პაციენტების დაყოვნების ადგილს, არამედ სრული სამედიცინო დახმარების გაწევის სივრცესაც. ტიკარაძემ ასევე გაიხსენა, როგორი რთული იყო ოჯახის ექიმების დარწმუნება იმაში, რომ ისინი გადამზადების შემდეგ შეძლებდნენ კოვიდ-პაციენტების მართვას. ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექიმების გადამზადება, რომელიც დაახლოებით მედიკოსების 75%-მა გაიარა პანდემიისას, ეფექტური აღმოჩნდა. კიდევ ერთი სირთულე, რაზეც ტიკარაძემ ილაპარაკა, ინფრასტრუქტურა იყო. მისი თქმით, რუხისა და ბათუმის კლინიკები პანდემიის დასაწყისში მხოლოდ შენობები იყო აპარატურისა და ექიმების გარეშე და მათი ამუშავება ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ.
„ჩვენ ვთვლით, Covid-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა. ის დადებითად აფასებს პროტოკოლებს, კოვიდ-სასტუმროების პრაქტიკას და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. განსაკუთრებით გამოყო ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომლის ფარგლებშიც კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმანში ორი კვირის შემდეგ გადიან რეაბილიტაციას.
"ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო და რთული ტალღები მართა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და დააანონსა, რომ 2022 წლიდან კოვიდის სამკურნალოდ საქართველოში შემოვა ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიას საქართველოში 13 512 ადამიანი ემსხვერპლა. ვერ სრულდება ვაქცინაციის ეროვნული გეგმით დასახული მიზანიც, 2022 წლის ბოლომდე აცრილი ყოფილიყო მოსახლეობის 60% მაინც.
დაწერეთ კომენტარი