Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არიან ექთნები 1600-ლარიანი ხელფასით?


„ექთნის ხელფასი, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში, 1400-დან 1600 ლარამდე მერყეობს“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 18 აგვისტოს. ისიც თქვა, რომ „ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა“-ო. კოვიდკლინიკებში დასაქმებულ ექთნებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ამ განცხადების შემდეგ ელაპარაკა, არც 1400 ლარი აქვთ ხელფასი და არც 1600. მათი სამუშაო გრაფიკი ყოველ მეორე დღეს, 24-საათიან მორიგეობას გულისხმობს და ამ გრაფიკით, მათი თვიური შემოსავალი 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ესეც მას შემდეგ, რაც მთავრობის გასული წლის ოქტომბრის დადგენილებით, კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების საათობრივი შემოსავალი არანაკლებ 3 ლარით განისაზღვრა. არაკოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ყოველთვიური შემოსავალი კვლავ 400 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კოვიდკლინიკებში ექთნების სამუშაო იმდენად მძიმე და სტრესულია, რომ 23 წლის ნინო, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:

„რამდენიმე დღის წინ წამოვედი კლინიკიდან. წარმოუდგენლად მძიმე შრომა გვიწევს ექთნებს. როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი. კადრები არ იყო საკმარისი და ამიტომ ყოველ მეორე დღეს მიწევდა მორიგეობა. სამი თვე ვიმუშავე კოვიდგანყოფილებაში. ზოგადად, ექთნების ანაზღაურება საათში 2 ლარამდე იყო. კოვიდგანყოფილებებში მომუშავე ექთნებს დანამატები გაგვიკეთეს და სადღაც 800-1000 ლარის ფარგლებში გამომდიოდა. თუმცა დატვირთვა იყო ძალიან მძიმე და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამუშაო“.

რას ჰყვებიან ექთნები?

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში მუშაობს ექთნად 21 წლის ანაც. სანამ ანა ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა, მისი თვიური შემოსავალი 400-500 ლარს არ აღემატებოდა. ბოლო ერთი თვეა, ექთნების სიმცირის გამო, კოვიდგანყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ხელფასი 800-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ისეც იმ შემთხვევაში, თუკი ყოველ მეორე დღეს, 24-საათით იმორიგევებს. რამდენიმე დღის წინ, რთული სამუშაო გრაფიკის გამო, თავი შეუძლოდ იგრძნო და დასვენების დღე მოითხოვა, რაც ცხადია, მის შემოსავალზე აისახება. ანას ყოველ მორიგეობაზე 15 ან უფრო მეტი კოვიდპაციენტი აბარია. თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სრულად ეკიპირებულს უწევს მუშაობა. შემოსავლის ნაწილს ანა ბინის ქირაში იხდის. მშობლების სახლში მისვლას ერიდება, რადგან მათთან ერთად ბებიაც ცხოვრობს და ეშინია, არ დააინფიციროს:

„თვეში თორმეტი 24-საათიანი მორიგეობა მიწევს. მე რომ პაციენტი და ჩემი საქმე არ მიყვარდეს, ალბათ ვერ გავუძლებდი. საათში დაახლოებით 3 ლარი გამომდის. თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვართ სრულად ეკიპირებულები. შეიძლება ცოტა ხნით გაიხადო ეკიპირება, მაგრამ იმავე წუთს, პაციენტმა დაგიძახოს, ან წნევის გაზომვა უნდოდეს, ან სხვა დახმარება და ამიტომ, ისევ გიწევს ჩაცმა. ხანდახან შეიძლება წყლის დალევაც კი ვერ მოახერხო მთელი დღე, საჭმელზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყოფილა დღეები, ისე დაღამებულა, ლუკმა არ ჩაგვიდია პირში. პირადად მე 15 პაციენტი მაბარია ყოველ მორიგეობაზე. ბოლოს ამაზე ნაკლები პაციენტი როდის მყავდა, აღარც მახსოვს. ამდენი პაციენტის მოვლა, თან კოვიდპაციენტის მოვლა, განსაკუთრებულ ყურადღებას და კონცენტრაციას მოითხოვს. კოვიდგანყოფილებაში ერთი თვეა გადმოვედი, კადრების ნაკლებობა იყო და გადმომიყვანეს. აქ შედარებით მაღალი ხელფასია, თუმცა, იმ შრომასთან და რისკთან შედარებით, რასაც ვეწევით, ეს ანაზღაურება არის მიზერული. ექთნების რაოდენობა ცოტაა. ძალების აღდგენას ვერ ვასწრებთ. 4 ექთანი ვემსახურებით 75 პაციენტს. ძალიან გვიჭირს მუშაობა. ახლა დამატებით ვითხოვე ერთი დღე დასასვენებლად, ყველაფერი მტკიოდა და ვხვდებოდი, რომ აღარ შემეძლო მუშაობა. მე რომ ყოველ მეორე დღეს არ ვიმორიგეო, ვერ გამოვიმუშავენ 800 ლარს. ამიტომ იძულებული ვარ, ვიმუშაო. ფსიქოლოგიური სტრესიც ძალინ დიდია. უყურებ ამდენ მძიმე პაციენტს, შიშობ, შენც არ დაინფიცირდე“.

ექთნების მძიმე შრომასა და დაბალ ანაზღაურებაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ბათუმის ერთ-ერთი კოვიდკლინიკის ექიმი, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს:

„მონურ შრომას ეწევიან. ჩემს კლინიკაში, სადაც ახლა ვმუშაობ, ექთნის საათობრივი ხელფასი 2 ლარი და 30 თეთრია. 150 პაციენტს 8 ექთანი ემსახურება. სულიერად დავეცით. ბოლო დღეებია განსაკუთრებით გვიჭირს. ანტიდეპრესანტებზე ვართ გადასულები. დასასრული არ ჩანს. ზოგიერთმა კოვიდკლინიკამ ექთნების რაოდენობა გაანახევრა. ნაწილი გაუშვა და ვინც დატოვა, იმათ ვითომ დანამატები გაუკეთეს ხელფასზე. სხვა კლინიკებში მუშაობასაც უშლიან ექთნებს და არჩევანის წინაშე აყენებენ. მონები არ მუშაობენ ისე, როგორც ექთნები. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ერთ-ერთი ექთანი, მთელი ღამის განმავლობაში, აპარატზე მიერთებულ 12 პაციენტს მარტო უვლიდა. სიმწრით ტიროდა. წავედი, ტკბილეული ვუყიდე, გამხნევება მინდოდა. მეორემაც ტირილი დაიწყო, ნუ იქცევით ასე, ნუ გვაძლებინებთ, თქვენ რომ ასე არ გვექცეოდეთ, აქამდე წავიდოდითო“.

ანალოგიურ პრობლემებზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას ნონა ზანდარაშვილი, ექთანი და მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე. მას ყოველდღიურად ათობით მედმუშაკთან უწევს ურთიერთობა და კარგად იცის იმ სიძნელეების შესახებ, რომლებსაც ექთნები აწყდებიან, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდპანდემიის პერიოდში. ვერ ხვდება, რა მონაცემებზე დაყრდნობით თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, რომ ექთნების ხელფასი თვეში 1400-1600 ლარს შეადგენს:

„სწორედ გუშინ, შუახევიდან მელაპარაკა ექთანი, რომელიც იმდენად სასოწარკვეთილია, რომ ფიქრობს, ექთნობას თავი დაანებოს. რისკი რისკად და დაღლა დაღლად, ხელში აღარაფერი მრჩება, ავდგები და „მეორადებს“ გავყიდიო. კლინიკებში პერსონალი არ ჰყავთ და ვინც ჰყავთ, იმათი დაფასებაც არ უნდათ. დაინფიცირებული ექთანი მერვე დღეს გაიყვანეს სამსახურში იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის ექთნები არ ჰყავთ. საიდან მოიტანა ტიკარაძემ ეს ხელფასი, არ ვიცი. კერძო კლინიკების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული ექთნები, უნდა მოგცემს წესიერ ხელფასს და უნდა არა. ფაქტია, კლინიკები ექთნისთვის ხელფასს ვერ იმეტებენ“.

სახელმწიფო და კერძო კლინიკები - განსხვავებული ტარიფები?

როგორია ექთნების საშუალო ხელფასი? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ თბილისში მოქმედი კოვიდკლინიკების ადმინისტრაციებსაც მიმართა. კერძო კლინიკების ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ ექთნებს, კლინიკის ფინანსური დირექტორი, ირაკლი გვაზავა გვეუბნება, რომ ექთნების თვიური შემოსავალი 960 ლარიდან ზევით მერყეობს, საათობრივი ანაზღაურება 5-8 ლარია და ხელფასის საერთო ოდენობა მორიგეობისა და კვალიფიკაციის რაოდენობით განისაზღვრება:

„მას შემდეგ, რაც 2020 წლის ოქტომბრიდან რესპუბლიკურ კლინიკაში კოვიდგანყოფილება გაიხსნა, ექთნებს ვუხდით ერთ-ნახევარ ხელფასს. ყველაზე მეტი ანაზღაურება ინტენსიურში მომუშავე ექთნებს აქვთ. ექთნებს ერიცხებათ, მაგალითად, 1300, 1500, უფრო მეტიც. დღეს ექთნებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, სხვა კლინიკები თუ არ გადაუხდიან ასეთ ხელფასს, იქიდან წამოვლენ და ჩვენთან მოვლენ. ასეთივე ხელფასებს ვიხდით რუხში. სხვა კლინიკიდან დაიწყო ექთნების გადინება და რუხის კლინიკაში გადმოვიდნენ. სწორედ ამიტომ კლინიკა, რომელიც ექთნებს დაბალ ანაზღაურებას უხდიდა, იძულებული გახდა, ხელფასი მოემატებინა მათთვის. საბოლოოდ, ისე გამოდის, რომ ამ ფასებს სახელმწიფო კლინიკა კარნახობს სხვა დაწესებულებებს მედპერსონალის სასარგებლოდ“.

კვლევის შედეგი - პანდემია და ექთნების შრომა

ცოტა ხნის წინ „სოლიდარობის ქსელმა“ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „კორონავირუსის პანდემია და ექთნების შრომის ღირებულება“. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად პანდემიური ფონით დაპირებული სახელფასო მატებისა, ექთნების შემოსავლების ზოგადი ზრდა მაინც ვერ მოხერხდა. კვლევის მიზანი იყო საქართველოს ექთნებისთვის ღირსეული მინიმალური ხელფასის გამოანგარიშებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის საფუძვლის შექმნა. გამოკვლევაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, კერძო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულმა 307-მა ექთანმა მიიღო.

„სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის ძირითადი მიგნებების ჩამონათვალი არასახარბიელოა:

  • პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად ექთნების 60%-ისთვის შრომის პირობები გაუარესდა. აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა;
  • პანდემიისას ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11-19-დან 15-24-მდე გაიზარდა;
  • გამოკითხულთა 65.8% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ნაწილობრივ იღებს 17.3%, ხოლო ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებს მხოლოდ 16.9%;
  • ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა კვირაში 54-68 საათიდან 76-92 საათამდე;
  • ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე;
  • ხელფასების ზრდა არ მომხდარა კერძო საავადმყოფოებში დასაქმებული ექთნებისთვის;
  • ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს ერთ სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;
  • გამოკითხული ექთნების 89.2% საჭირო რაოდენობისა და ნივთიერებების საკვებს არ/ვერ იღებს. 90.1% ხელფასის უკმარისობას მიიჩნევს საჭირო საკვებისა და ნივთიერებების ნაკლებობის მიზეზად;

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მიერ ნახსენებ მთავრობის დადგენილებას, რომელიც გასული წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, #652 დადგენილების თანახმად, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს „კორონავირუსული დაავადების COVID19-ის მართვას“, განისაზღვრა რეანიმატოლოგის, ინფექციონისტის/თერაპევტის/და სხვ., ასევე უმცროსი ექიმის, ექთნის, სანიტრის დამატებითი ანაზღაურება საათებში და ასე ჩამოყალიბდა:

  • ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა − არანაკლებ 5 ლარისა;
  • რეანიმატოლოგი − არანაკლებ 8 ლარისა;
  • უმცროსი ექიმი − არანაკლებ 4 ლარისა;
  • ექთანი − არანაკლებ 3 ლარისა;
  • სანიტარი − არანაკლებ 1,5 ლარისა.

გასული წლის დეკემბერში, მინისტრი ტიკარაძე აცხადებდა, რომ „კერძო სექტორის წარმომადგენელმა უნდა აიღოს ვალდებულება და შეასრულოს დადგენილებაში მითითებული ტარიფებით ექიმების, ექთნებისა და დანარჩენი სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება“.

მიმდინარე წლის აპრილში კი, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტში სტუმრობისას, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში მედპერსონალის ყოველთვიური ანაზღაურების ასიმეტრიულობასა და უსამართლობაზე ლაპარაკობდა:

„ვთვლი, რომ ეს გარემო არის ნამდვილად ყურადღება მისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის აქ გასატარებელი, 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება, ის ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას და იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც თვლის, რომ სრულიად სამართლიანად აქვს საქართველოს პირობებში 120-ათასლარიანი შემოსავალი თვეში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG