Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბისაში სასულიერო პირების წინააღმდეგ აქცია გაიმართა - მარგვეთის ეპისკოპოსი საპატრიარქოს კომისიის შექმნას სთხოვს


„უბისის მონასტერს და სოფელს განგვარიდეთ მეუფის მოყვანილი საეჭვო რეპუტაციის სასულეირო პირები“, – ამ შინაარსის პლაკატი გააკრეს აქციის მონაწილეებმა უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ჭიშკარზე საკვირაო წირვის მსვლელობის დროს. საპროტესტო აქციის მონაწილეები საუბრობდნენ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ამ მონასტერში მსახურობა დაიწყო ორმა სასულიერო პირმა, რომლებიც ეპისკოპოსმა მელქისედეკმა სწრაფი წესით აკურთხა და რომლების ზნეობის მიმართაც არსებობს რიგი კითხვები.

ეპისკოპოსი მელქისედეკი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ზესტაფონში, მღვდელმთავრის რეზიდენციაში სთავაზობდა შეხვედრას, ამბობს, რომ ისინი, ვინც დღეს უბისაში მის წინააღმდეგ გამვიდნენ არც მრევლის წევრები არ არიან და არც ადგილობრივები. ორი პირი, რომლებიც თავს თეოლოგს უწოდებენ, ძირითადად ეკლესიის მარგინალიზაციით არიან დაკავებულები, მათი ბრალდებები უმეტესად ზედაპირული და დაუსაბუთებელია და სწორედ ამის გამო არ ისურვეს სავარაუდოდ ეპისკოპოსთან შეხვედრა. მელქისედეკ ხაჩიძე ამბობს, რომ არც უბისის მონასტერში და არც სოფლის მაცხოვრებლებს შორის არანაირი კონფლიქტი და უთანხმოება არ არსებობს და დღეს ჩატარებული აქცია სავარაუდოდ პროვოცირებულია. ის მზადაა საპატრიარქომ შექმნას მღვდელმსახურებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას და დადებს დასვკნას მსგავსი შემთხვევების გამოსარიცხად.

"ამბობენ, რომ მე მათ არ ვხვდები, რაც სიცრუეა. დავიბარე ყველა, რომ გაგვევლო ყველა ის საკითხი, რაც მათ აწუხებდათ. იქ არის ორი პიროვნება, ბატონი კონსტანტინე ქათამაძე და რატი შავგულიძე, მათი ფეისბუქი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ პატრიარქის, ეკლესიის ნახვის მეტს არაფერს აკეთებენ. ისინი მრევლის წევრებად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს არ არიან უბისის მრევლი - როგორც ჩანს ზესტაფონიდან ყავდათ ამოყვანილი ხალხი.

უბისის მონასტერი დაარსებულია წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ. იმ დროის ერთადერთი მოქმედი მონასტერია - ნეტა თუ არ ეტკინათ, კარი რომ აჭედეს?" - უთხრა რადიო თავისუფლებას ეპისკოპოსმა მელქისედეკმა. ის ამბობს, რომ სასულიერო პირები, რომლების წინააღმდეგაც აქცია გაიმართა, სასულიერო სემინარია დამთავრებული ხალხია, რომელთა განათლებისა და კეთილსინდისიერების შესახებ კითხვები პირადად მას არ აქვს.

26 დეკემბერს უბისის მონასტრის შესასვლელთან გაკრული ბანერები და აჭედილი კარი
26 დეკემბერს უბისის მონასტრის შესასვლელთან გაკრული ბანერები და აჭედილი კარი

"ეტყობა იქ ვიღაცამ ვერ აიტანა ასეთი განათლებული სასულიერო პირები" - ამბობს ეპისკოპოსი მელქისედეკი. ის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი 2015 წელს გახდა. სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ საიდუმლო ფაილებში იძებნება 2015 წლის ფაილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მეუფე მელქისედეკს უბისის მონასტერში დახვდა სასულიერო პირი, რომელიც წინა ეპისკოპოსის დროსაც ცდილობდა ეპარქიაში არეულობის შემოტანას. ამავე დროს მას სხვა მღვდელი ურჩევს, პატრიარქს მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ და მოითხოვოს მისი სხვაგან გადაყვანა. დღეს ეპისკოპოსი მელქისედეკი ამ კონკრეტულ შემთხვევას ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ფაილში ნახსენები ერთ-ერთი სასულიერო პირის მრევლი იღებდა აქციაში მონაწილეობას. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა არქიმანდრიტ მაკარი გოცაძის უბისის მონასტერში დაბრუნება იყო.

"საიდუმლო ფაილებში" არაერთი ჩანაწერია, რომლებშიც უსაფრთხოების სამსახური მეუფე მელქისედეკის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირებსა და დასავლურ ორიენტაციაზე აკეთებს აქცენტს. კითხვაზე, არის თუ არა ეს აქცია მის წინააღმდეგ პროვოცირებული სწორედ მისი ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური გემოვნების გამო, ამბობს, რომ იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად თვლიან, შეიძლება ჩაითვალოს "ქართული ოცნების" მხარდამჭერადაც, ვინაიდან წინა ხელისუფლების დროს, როცა ის დედოფლისწყაროს ეპისკოპოსი იყო, სასულიერო პირები მისი დავალებით საპატიმრო დაწესებულებაში დადიოდნენ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის მოსანახულებლად.

"ეკლესიისთვის პარტიულობა მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ იარლიყებს აკრავენ სასულიერო პირებს. მე დღეს ოფიციალურად მოვითხოვე საპატრიარქოსგან, შედგეს კომისია და ნებისმიერი საკითხი, ვისაც რა აინტერესებს, კომისიასთან ერთად განიხილოს. თუ ვინმე დასასჯელია, დაისაჯოს და გაირკვეს. არ ვიცი მე, საიდან მოდის ამ ხალხის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ სამწუხაროა. რამდენი ვინმეს ცუდად გაეღვიძება მიტინგი ჩაატაროს, ეგრე არ ხდება, მონასტერია ეს, ეკლესიას თავისი წესები აქვს", - ამბობს მეუფე მელქისედეკი. მისი თქმით, ახლა უბისაში 6 ბერი, ერთი საერო პირი და ერთი მღვდელი მსახურობენ და მათ შორის კონფლიქტი არ არის.

XS
SM
MD
LG