Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ისევ აპროტესტებენ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს


გერმანიაში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. ბავარიის მხარის ქალაქ შვაინფურტში, 26 დეკემბერს გამართულ აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ძალით სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, სამართალდამცავებმა კი, ხელკეტები და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულია 8 პირი.

კორონავირუსის ახალი სახეობის, „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა დახუროს კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები. მაღაზიებში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს.

შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები გაიმართა ბელგიაშიც. 26 დეკემბერს, ბრიუსელში, ქუჩებში გამოვიდნენ ოპერის სამეფო თეატრის და სხვა თეატრების წარმომადგენლები. დაახლოებით 5 000 ადამიანი აპროტესტებდა ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო, 26 დეკემბრიდან დროებით დაიხურა თეატრები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები. დემონსტრანტები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ აკრძალვა არ შეეხო ხალხმრავალ საშობაო ბაზრობებს. საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ლიეჟშიც.

ბელგიაში უკვე რამდენიმე კვირაა, უქმე დღეებში იმართება შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები. საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG