ბათუმში გაიფიცა საზღვაო ნავსადგურის კონტრაქტორი კომპანიის, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 80-მდე თანამშრომელი. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას, სამუშაო გრაფიკის დაწესებას და სამართლიან ანაზღაურებას მოითხოვენ.
ერთ-ერთი გაფიცული, ნუგზარ კირკიტაძე, რომელიც 2008 წლიდან ამწის ოპერატორად მუშაობს, ამბობს, რომ ცვლა ნორმალურად დადგენილი არ არის, ამიტომ ხშირად 5 ღამის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობა უწევს: „სულ ტელეფონზე ვარ დამოკიდებული, როდის დამირეკავენ. ქალაქიდან ვერც კი გავდივარ. ჩვენი ჯანმრთელობა ძალიან შეირყა. დასვენების დღეები ძალიან შეზღუდული გვაქვს".
ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის თავმჯდომარის, ამირან მიქელაძის ინფორმაციით, დამსაქმებელ კომპანიასთან მოლაპარაკება მარტიდან მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში კომპანია შრომის ინსპექციამ შეამოწმა და გარკვეული დარღვევებიც დააფიქსირა, თუმცა, საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და დასაქმებულებმა გაფიცვა გამოაცხადეს.
საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებულები, რომელთა ხელფასი 1200 ლარამდეა, შრომის ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოითხოვენ. გაფიცულთა თანახმად, მუშაობა შეწყვიტა თანამშრომლების 70%-მა.
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს" თანამშრომელთა გაფიცვის გამო ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.