27 დეკემბერს ვენაში განახლდება მოლაპარაკება, რომლის მიზანია ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენა. შეხვედრაზე ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი გამოდის მოლაპარაკების ტემპის დაჩქარების მოწოდებით, აშშ-ის და ირანის ოფიციალური პირები კი საუბრების შინაარსთან მიმართებით გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
ევროკავშირის დიპლომატმა, ენრიკე მორამ გასულ კვირაში გამოაცხადა მოლაპარაკების განახლების თარიღი. "ერთობლივი კომისია შეხვედრას გამართავს და სამომავლო კურსს დაადგენს", - წერდა მორა 23 დეკემბერს ტვიტერზე და დასძენდა, რომ მნიშვნელოვანია საკვანძო საკითხებთან მიმართებით უფრო მეტი სისწრაფის გამოჩენა, აშშ-სთან თანამშრომლობით წინსვლისთვის.
მოლაპარაკება ნოემბერში განახლდა და მას შემდეგ მცირე პროგრესს მიაღწია. ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის დიპლომატები ირანთან მოლაპარაკებაში პირდაპირ მონაწილეობენ, აშშ შეხვედრაში ირიბად არის ჩართული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროპის წარმომადგენლებს "ახალი პრაქტიკული ინიციატივები" არ წარმოუდგენიათ და ბოლო რაუნდში კონსტრუქციულად არ იქცეოდნენ.
შეხვედრებზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება "სწრაფად აღწევს დასასრულს". ისინი იმედგაცრუებას გამოთქვამენ თეირანის მხრიდან ბოლო კვირებში წამოყენებული ახალი პირობების გამო, თუმცა "გარკვეულ ტექნიკურ პროგრესზეც" მიანიშნებენ.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით ამჟამად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს.
აშშ მიმდინარე მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. თეირანმა, პასუხად, თანდათან გააძლიერა თავისი ბირთვული პროგრამა და ურანის გამდიდრების პროცესი, ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების მიღმა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანიშნებს, რომ დაუბრუნდება ხელშეკრულებას, თუკი ირანი მის პირობებს უერთგულებს.
ხელშეკრულებით შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.