ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაგმო გადაწყვეტილება ისტორიული და საგანმანათლებლო საზოგადოება „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის შესახებ და ამ ნაბიჯს გულაგის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა უწოდა.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, მარი სტრაზერსმა, განაცხადა, რომ „საერთაშორისო მემორიალი“ არის პატივსაცემი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაუღალავად მუშაობდა იოსებ სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერთა დროს ჩადენილ სიმხეცეთა და პოლიტიკურ რეპრესიათა დოკუმენტირებაზე.
„საერთაშორისო მემორიალის“ დახურვა სიტყვის თავისუფლებისა და ასოცირების უფლების პირდაპირი ხელყოფაა, - თქვა სტრაზერსმა.
სამშაბათს, 28 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ და ამით დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ორგანიზაციას არაერთხელ ადანაშაულებდა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევაში.
დაწერეთ კომენტარი