ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ხუთიდან სამი თანამებრძოლი, რომლებიც 28 დეკემბერს დააპატიმრეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, კვლავ გაათავისუფლეს.
ნავალნის რეგიონული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელები დაკითხეს ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის ეჭვის გამო. ბრალდების წაყენების შემთხვევაში მათ პატიმრობა ემუქრებოდათ.
ვადიმ ოსტანინი, რომელიც ნავალნის მოძრაობის ოფისს ედგა სათავეში ციმბირის ქალაქ ბარნაულში, 29 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს დაკითხვის შემდეგ. 28 დეკემბერსვე გაათავისუფლეს ვადიმ ბუტაკოვი ქალაქ არხანგელსკიდან და ანდრეი გოროდეცკი სარატოვის ოლქიდან.
გაურკვეველია ტომსკის შტაბის ყოფილი უფროსის, ქსენია ფადეევასა და ირკუტსკის შტაბის უფროსის, ზახარ სარაპულოვის ბედი.
მიმდინარე წლის ივნისში ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი და მისი პოლიტიკური მოძრაობა ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს და დახურეს.
თავად ნავალნი თებერვლიდან იმყოფება პატიმრობაში. ის მოსკოვში დააკავეს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ. გერმანიაში ის მკურნალობის კურსს გადიოდა 2020 წელს ტომსკში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ. ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას.
დაწერეთ კომენტარი