საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სანქცია წესდება ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის.
კერძოდ: ევროკავშირის, NATO-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით ან - ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბადრი ჯაფარიძე.
ოფიციალური სიმბოლოების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.
პარლამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ 7 ივლისს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინ საკუთარი ხელით აღმართა ევროკავშირის დროშა.
დაწერეთ კომენტარი