Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა კარგი 2021 წელს


მეორე წელია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რის გამოც ნაკლებად დარჩა კარგ ამბებზე ფიქრის დრო.

თუ ძალიან არ მოინდომე, შეიძლება გაგიჭირდეს კიდეც საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარი კარგი ამბების გახსენება. რადიო თავისუფლებამ ასეთ ამბებს მოუყარა თავი.

ვაქცინაციის დაწყება

რადგან პანდემიაა, პირველი ამბავიც მას უკავშირდება. 2021 წლის მარტში საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. ოთხი სახეობის ვაქცინით - „ასტრაზენეკათი“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ - მთლიანობაში 15 მარტიდან დღემდე 2 500 000 მდე ადამიანია აცრილი, ორივე დოზით ვაქცინირებულია 1 200 000 მდე მოქალაქე.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ვაქცინაციას მოწინააღმდეგე ჯგუფებიც ჰყავს, სტატისტიკური მონაცემები საქართველოშიც და მსოფლიოშიც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ვაქცინაცია მუშაობს და ეს კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ამ მომენტისთვის.

სკოლები და ბაღები გაიხსნა

მიუხედავად იმისა, რომ დიდად კოვიდ-ვითარება არ შეცვლილა, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და 2021 წლის 4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გაიხსნა.

ეპიდემიის გამო 2020 - 2021 წლის სასწავლო წელი მეტწილად დისტანციურად მიმდინარეობდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო - განახლებულიყო სწავლა და შეექმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო.

ბავშვები მოულოდნელად დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ახალი წესების დაცვას - მუდმივად პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, უფროსკლასელებისთვის კი ვაქცინაციის შესაძლებლობაც გაჩნდა.

"მწვანე პასპორტი"

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლეს ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, კოვიდის გავრცელების რისკების შესამცირებლად, 1 დეკემბრიდან კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში... მხოლოდ ისინი შედიან, ვისაც „მწვანე პასპორტი“ აქვს, ანუ ვინც:

  • ან ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი;
  • ან გადატანილი აქვს კოვიდი.

როგორც ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველო სწორედ რომ „უნიკალური“ ქვეყანაა იმით, რომ სახელმწიფო უვადო "მწვანე პასპორტს" აძლევს მათ, ვისაც კოვიდი აქვს გადატანილი. პასპორტის გამოყენება მათ CovidPass Georgia-ს აპლიკაციით შეუძლიათ.

მაგრამ რადგან ქართული „უნიკალურობა“ საერთაშორისო მოგზაურობაზე არ მოქმედებს, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლისთვის ვაქცინაციის და PCR ტესტის პასუხების წარსადგენად Georgia e-Health-ი გამოგადგებათ. იგი უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

"მწვანე პასპორტების" ამოქმედებას მოჰყვა იმ რეგულაციის მოხსნა, რომლის მიხედვითაც, რესტორნებს, კაფეებს და ბარებს მუშაობა მხოლოდ ღამის 11 საათამდე შეეძლოთ.

კინოთეატრებსა და ოპერაში კი მაყურებლის დასაშვები რაოდენობა გაიზარდა 30-დან 50%-მდე.

სპორტული გამარჯვებები

თუკი 2021 წელს რამეზე ერთხმად ხარობდა საქართველოს მოსახლეობა, ეს ოლიმპიადა და სპორტული წარმატებებია.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს:

2 ოქრო

ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა);

5 ვერცხლი

ძიუდო - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი;

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა- იაკობ ქაჯაია;

თავისუფალი ჭიდაობა- გენო პეტრიაშვილი.

1 ბრინჯაო

ძალოსნობა - ანტონ პლესნოი.

გარდა იმისა, რომ 28 წლის ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადის ოქროს მედალი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო - 223 კილოგრამი ატაცში, 265 კილოგრამი აკვრაში, 488 კილოგრამი ორჭიდში - 17 დეკემბერს ტაშკენტში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა - ატაცში 225, ხოლო აკვრაში 267 კილოგრამი. ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია, რითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიადაზე ქართული სპორტისთვის ისტორია დაწერეს პარალიმპიელმა ქალებმა.

25 აგვისტოს პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა და ამით მოიპოვა პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალის სტატუსი, რომელმაც მედლის მოპოვება შეძლო.

29 აგვისტოს კი პარაძიუდოისტი, ვერცხლის პრიზიორი ინა ქალდანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება შეძლო.

ვერცხლის მედალი მოიპოვა პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემაც.

მსოფლიო ჩემპიონი პატიმარი ქალები

2021 წელს საქართველოს წარმატება მოუტანეს პატიმარმა ქალებმაც. მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო.

პატიმარი ქალი ჩემპიონები
please wait

No media source currently available

0:00 0:04:42 0:00

ვაკის პარკი გაიხსნა

შეიძლება ვაკის პარკის გახსნა არ არის ისეთი გლობალური მოვლენა, როგორც ოლიმპიადა ან ვაქცინაციის შესაძლებლობა, შეიძლება არც სხვა უბნებში მცხოვრებლებს ადარდებდეთ, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც 6 თვის მანძილზე რეკრეაციული სივრცის გარეშე იყო დარჩენილი, ძალიანაც გაუხარდა, სრულად თუ არა, პარკის ნახევრის გახსნა მაინც. ახლა ახალგაზრდები, ბავშვები, ძაღლები, ჭადრაკის და ნარდის მოყვარულები პარკში მშვიდად ატარებენ დროს. რამდენად ხარისხიანი ან ლამაზია განახლებული პარკი, ეს ისევ დავის საგანია.

თბილისი მსოფლიო წიგნის დედაქალაქი

თბილისი წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დაგეგმილ მასშტაბებს ვერ მიაღწია, მთელი წლის მანძილზე გაიმართა არაერთი ღონისძიება.

თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა როგორც ქართველი ავტორების, ისე თარგმნილი ლიტერატურით.

ჯეოლაბთან“ ერთად კომპიუტერულ თამაშებად იქცა ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები.

ჩატარდა ილუსტრაციის ფესტივალი და საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, რომელიც მომდევნო წლებშიც წიგნის საბავშვო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ხოლმე.

უახლოეს მომავალში კი პროექტის ფარგლებში მწერალთა სახლში გაიხსნება რეპრესირებული ავტორების მუზეუმიც.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG