Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მთავრობა თურქულ იმპორტზე აკრძალვას აუქმებს


30 დეკემბერს გაიმართა სომხეთის მთავრობის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგში არ შეიტანეს თურქულ საქონელზე დაწესებული ემბარგოს კიდევ 6 თვით გაგრძელება, რაც, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან უქმდება 2020 წლის 31 დეკემბერს შემოღებული აკრძალვა.

მანამდე სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია იყო, რომ უწყებათშორისმა საბჭომ თურქული წარმომავლობის საქონელზე ემბარგოს არგაგრძელებას დაუჭირა მხარი.
სომხეთში მოელიან, რომ ეს ნაბიჯი სომხური საქონლის თურქეთში ექსპორტისთვის უფრო კეთილისმყოფელ გარემოს შექმნის.

„ჩვენი ბიზნესმენებისგან შემოდიოდა არაერთი განცხადება და თხოვნა, თურქული საქონის შემოტანის აკრძალვის გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთის მთავრობის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით აიკრძალა სომხეთში თურქული წარმოების პროდუქციის შეტანა. ამის მიზეზად ერევანი საბრძოლო მოქმედებებში „აზერბაიჯანისადმი თურქეთის ღია მხარდაჭერას“ ასახელებდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG