Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვომ გაეროს მისიის ორი რუსი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


დონიკა გერვალა
დონიკა გერვალა

კოსოვოს ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა კოსოვოსა და მეტოხიაში გაეროს მისიის ორი თანამშრომელი, კოსოვოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მათი „მავნებლური საქმიანობის“ გამო. რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალამ, რომლის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ალბინ კურტის დავალებით მიიღო.

უცნობია, თუ რაში ედება ბრალი ორ დიპლომატს. ოფიციალურ ცნობაში აქცენტი კეთდება რუსეთის ფედერაციისა და მისი მიმდევრების „დამღუპველ“ ზეგავლენაზე, რაც მიზნად ისახავს კოსოვოსა და მისი პარტნიორების მიღწეული წარმატების ძირის გამოთხრას აღნიშნულ რეგიონში.

ოქტომბერში კოსოვომ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და მოსკოვს ბრალი დასდო „მადესტაბილიზებელ“ ქმედებაში.

კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოსოვოში რუსეთის ურთიერთკავშირის ოფისის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მათ მოუწოდეს, დატოვონ კოსოვო.

ოსანიმ განაცხადა, რომ კოსოვო მოწოდებულია ებრძოლოს რუსეთის და „რეგიონში მისი მარიონეტების“ მავნე გავლენას, რომლებსაც მან ბრალი დასდო კოსოვოს, აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მიღწევებისთვის ძირის გამოთხრაში.

რუსეთმა ურთიერთკავშირის განყოფილება კოსოვოში გახსნა 2005 წელს, სერბიის ყოფილი ოლქის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

სერბეთი და მისი ახლო მოკავშირე რუსეთი არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

აშშ-მა და დასავლეთის ქვენების დიდმა ნაწილმა კოსოვო აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად მას მერე, რაც პრიშტინამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს. 1998-1999 წლებში ომი გაჩაღდა სერბულ ძალებსა და ეთნიკური ალბანელების რაზმებს შორის, რაც ნატოს ავიაციის მიერ სერბეთის წინააღმდეგ საჰაერო კამპანიით დასრულდა.

XS
SM
MD
LG