რუსეთის სამხედრო უწყება 2022 წელს ორ ახალ სამხედრო პოლიგონს გახსნის, მათ შორის ერთი ადგილს დაიდებს მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში.
„2022 წელს მოხდება რამდენიმე სადესანტო-მოიერიშე და საარტილერიო ქვედანაყოფის გადაიარაღება თანამედროვე ტექნიკით, მოეწყობა ორი ახალი პოლიგონი „სინაია ოსოკა“ ივანოვის ოლქში და „სტაროკრიმსკი“ ყირიმის რესპუბლიკაში“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.
რუსეთის ამ ახალი სამხედრო გეგმების ფონია რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა პრეზიდენტებს შორის 30 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საკის თანახმად, პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს და პარტნიორებს ექნებათ მტკიცე პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება.
დაწერეთ კომენტარი