Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან თბილისში დასუფთავების საფასური გაეზარდათ მაღაზიებს, ბანკებს, აფთიაქებს, სკოლებს და სხვა დაწესებულებებს


დღეიდან, 1 იანვრიდან ამოქმედდა თბილისის საკრებულოს ის დადგენილება, რომლითაც საშუალოდ 65 პროცენტით იზრდება დასუფთავების საფასური თითქმის ყველა სახის კომერციული და არაკომერციული დაწესებულებისთვის. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 27 დეკემბერს მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას, რომელიც თვეში "თბილსერვისს" 100 ლარს უხდიდა, დღეიდან 65 ლარით მეტის, 165 ლარის გადახდა მოუწევს.

2022 წლის 1 იანვრიდან დასუფთავების გადასახადი ეზრდებათ: საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, მაღაზიებს, სტადიონებს, რკინიგზის სადგურებს, სილამაზის სალონებს, საბანკეტო დარბაზებს, საცხობებს, ღამის კლუბებს, აეროპორტებს, მეტროს და მათ შორის თბილისის ზღვაზე არსებულ ფასიან სანაპირო ზოლებს. იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომელთაც გადასახადი გაეზრდება, ბევრად უფრო ვრცელია.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობდა, რომ ამ ცვლილებების შემდეგ, დაწესებულებებს ზუსტად იმდენი თანხის გადახდა მოუწევდათ დასუფთავების სამსახურისთვის, რამდენიც ჯდება მათი მომსახურება.

"მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. ასევე იზრდება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, თუმცა არავის არ მიგვაჩნია, რომ მუდმივად ვასუბსიდიროთ ბიზნესსექტორი... არის ახლა ის დრო, როდესაც საკრებულომ უნდა განიხილოს ამ მოსაკრებლის გადახედვის საკითხი, გაიზარდოს და გაუტოლდეს ზუსტად მათი გადახდილი თანხა იმას, რაც იხარჯება მათივე მომსახურებისთვის", - თქვა ირაკლი ხმალაძემ, თბილისის მერის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ.

აღსანიშნავია, რომ მერიის პროექტში ისეა შეყვანილი გაზრდილი მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომ რთული მათემატიკური გაანგარიშების გარეშე ძნელია იმის დათვლა, კონკრეტულად რამდენჯერ გაიზრდება თითოეული დაწესებულებისთვის ხარჯი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG