Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომიკრონის“​ ცირკულაცია საქართველოშიც მატულობს - ამირან გამყრელიძე


„თუ 10 დღის წინ გამოვლენილ შემთხვევებში, ორ ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი სწორედ ეს შტამია. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებული საავადმყოფოში მოხვდა. ოთხივე მათგანს ჰქონდა თანმხლები დაავადება.

როგორც ამირან გამყრელიძე შენიშნავს, 144 შემთხვევიდან უმრავლესობა მსუბუქი შემთხვევაა.

"ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევებიდან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი.

„საშუალო ასაკი ამ 144 ადამიანში, 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, ლაბორატორიულად დღეს საქართველოში დადასტურებულია "ომიკრონის" 144 შემთხვევა, თუმცა მისი ვარაუდით, რეალურად ამ შტამის შემთხვევები სამჯერ მეტი უნდა იყოს. და ეს მონაცემი, - ამბობს ამირან გამყრელიძე, - კიდევ გაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG