Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ უცნობმა პირმა გადაკვეთა დემილიტარიზებული ზონა - საზღვარი და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა


სამხრეთ კორეის არმიამ 2 იანვარს განაცხადა, რომ გაურკვეველმა პირმა უკანონოდ გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სათვალთვალო მოწყობილობამ დააფიქსირა ადამიანი დემილიტარიზებული ზონის (DMZ) - რომელიც ყოფს ორ ქვეყანას - აღმოსავლეთ ნაწილში. ადგილზე გაგზავნილ იქნა სამხედრო რაზმი, მაგრამ ხსენებული პირის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. ის, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.

სამხრეთ კორეის მთავრობამ ოფიციალურად აცნობა ჩრდილოეთს მომხდარის შესახებ და სთხოვა ფხენიანს, უზრუნველეყო ამ პირის უსაფრთხოება.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამას დაუყოვნებელი პასუხი არ მოჰყოლია. 2020 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ ესროლა და მოკლა სამხრეთ კორეის მეთევზეობის სამსახურის ოფიციალური პირი, რომელიც მისი წყლების გადაკვეთაში დაადანაშაულა.

ფხენიანმა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო თავისი პოლიტიკა გამოაცხადა. მის თანახმად, მესაზღვრეებს უფლება აქვთ მოკლან ნებისმიერი პირი, ვინც უკანონოდ გადაკვეთს მის საზღვარს.

2020 წლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო ქალაქში სრული "ლოკდაუნი" დააწესა მას შემდეგ, რაც ჩრდილო კორეელი მოქალაქე, რომელიც სამხრეთში იყო გაქცეული, უკან დაბრუნდა.

საზღვარგარეთ გაქცევა დემილიტარიზებული ზონის გავლით, იშვიათობაა, რადგან ეს არეალი ერთ-ერთი ყველაზე საიმედოდ დაცული საზღვარია მსოფლიოში. ზონაში განთავსებულია 2 მილიონი ნაღმი, გავლებულია მავთულხლართიანი ზღუდეები, ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეები და მუდმივად პატრულირებენ სამხედროები.

1990-იანი წლების შემდეგ, 34 000-მდე ჩრდილოეთ კორეელი გაიქცა სამხრეთში, თუმცა მათი უმეტესობა ჩინეთის გავლით გარბის და სამხრეთ კორეაში მესამე ქვეყნის გავლით შედის.

სამხრეთ კორეიდან გაქცევის შემთხვევები იზოლირებულ და ღატაკ ჩრდილოეთ კორეაში, იშვიათია.

XS
SM
MD
LG