აშშ-ის კონგრესში, კაპიტოლიუმში, მატულობს COVID-19-ის შემთხვევები, ძირითადად ინფექციის გარღვევის ფორმით, ვაქცინირებულ პირებში.
კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა კონგრესს 3 იანვარს აცნობა, რომ კანონმდებლებს, თანამშრომლებს და სხვა პირებს შორის ინფიცირების მაჩვენებელი "უპრეცედენტო" მასშტაბს აღწევს და ასობით პირს ეხება. ექიმ ბრაიან მონაჰანის თქმით, კაპიტოლიუმის ტესტირების ცენტრში შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 13 პროცენტზე მეტით გაიზარდა და მათ შორის, ვისაც ინფიცირება უდასტურდება, 35 პროცენტს სიმპტომები არ აქვს.
მონაჰანის თქმით, კაპიტოლიუმში კორონავირუსის ინფექციის უმეტესი ნაწილი მოდის ვაქცინირებულ პირებზე და მათზე, ვისაც მესამე, ე.წ. "ბუსტერ" აცრა აქვთ გაკეთებული. ინფიცირების საერთო სურათში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონი", დაახლოებით 61 პროცენტს შეადგენს, "დელტა ვარიანტი" - 38 პროცენტს, - ამბობს მოჰანანი 3 იანვრით დათარიღებულ წერილში. მისი თქმით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
ექიმი კონგრესს ურჩევს მაქსიმალურად გამოიყენოს მუშაობის დისტანციური ფორმა, თუმცა უცნობია, რამდენად გამოიწვევს მისი წერილი ცვლილებებს კონგრესის სამუშაოში. ამ ეტაპზე კანონმდებლები ისვენებენ.
ქვეყნის მასშტაბით, აშშ-ში საშუალოდ ინფიცირების 400 000 შემთხვევა აღირიცხება ყოველდღიურად და ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი კიდევ გაიზრდება, რადგან შტამი "ომიკრონი" სწრაფი გავრცელების უნარით გამოირჩევა.
აშშ-ის მთავრობის მთავარი სპეციალისტი ინფექციური დაავადებების საკითხებში, ენტონი ფაუჩი თვლის, რომ პანდემიის ამ ეტაპზე ვირუსის შედეგების შეფასების საუკეთესო გზა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაკვირვებაა.
დაწერეთ კომენტარი