Accessibility links

site logo site logo

დარჩენილი საქმეები - მოასწრებს სახელმწიფო ინსპექტორი 689 საქმის შესწავლას?


სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას და მის უწყებას მუშაობის ვადა 2022 წლის პირველ მარტს ეწურებათ.

ამის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება, სადაც, წესით, დღეს მოქმედი სამსახურის თანამშრომლები უნდა დასაქმდნენ.

სად წავა თავად ლონდა თოლორაია - ეს ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა მანამდე სახელმწიფო ინსპექტორი მოელის, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტოს დაადებს.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს საამისოდ 2 კვირის ვადა აქვს.

2 კვირის ვადაში პრეზიდენტი აწერს ხელს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ან უბრუნებს მას მოტივირებული შენიშვნებით.

თუმცა, ამ თარიღმა, შესაძლოა, ოდნავ გადაიწიოს იმის გამო, რომ 1-ლიდან 10 იანვრამდე საქართველოში საჯარო უწყებებისათვის უქმე დღეებია გამოცხადებული. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასეა.

სამსახურის გაუქმებამდე კი დარჩენილია 2 თვე, რომელშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, დღეის მონაცემებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის 70 და სისხლის სამართლის 619 მიმდინარე საქმე უნდა შეისწავლოს.

უფრო სწორად, ვეღარ უნდა შეისწავლოს, რადგან ეს დრო ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარე საქმეების გარდა, უწყებაში დღესაც მისდით მოქალაქეთა ახალი განცხადებები, რომლებიც მიუთითებენ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შესახებ.

ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი
ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამდენად რეალისტურია, რომ ამ საქმეების განხილვა სამსახურმა დარჩენილ ვადაში მოასწროს და პასუხი გასცეს იმ ადამიანების საჩივრებს, ვინც სიმართლის პოვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დახმარებით სცადა.

მიუხედავად უწყებაში არსებული გაუქმებისწინა სტრესული ვითარებისა, როგორც გვითხრეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობს - შემჭიდროებულ ვადებში ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებსა თუ ადმინისტრაციულ წარმოებას.

„თუმცა, რთულია იმისი თქმა, 1 მარტამდე რომელი და რამდენი მათგანის დასრულება მოესწრება“, - გვითხრეს მათ.

განსაკუთრებით ეს შეეხება სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, რომელიც კომპლექსური პროცესია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - მათ შორის, სხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე (წერილობითი თუ ვიდეომტკიცებულებების დროულად მოწოდებაზე), ექსპერტიზის დასკვნებზე და ა.შ.

„თუ სისხლის სამართლის საქმეზე ამოიწურება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გვექნება სისხლისსამართლებრივი დევნისთვის საჭირო მტკიცებულებები, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს პროკურატურას დევნის დაწყების თაობაზე. თუ პირველ მარტამდე რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მივა გამოძიება, სამსახური ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს“, - გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

ამ უფლებით 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 5-ჯერ ისარგებლა.

პროკურატურის მხრიდან მათ მიერ წარდგენილი არცერთი წინადადება არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს - აქ სამსახური შეზღუდულია ხანდაზმულობის 2-თვიანი ვადით და სახელმწიფო ინსპექტორი ცდილობს, ამ ვადებში ჩაეტიოს და პირველ მარტამდე საქმეები მაქსიმალურად დაასრულოს.

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა იმ საქმეების ბედი, რომელთა განხილვაც და მათზე გადაწყვეტილებების გამოტანა ვერ მოესწრება - თაროზე შემოიდება თუ ახალი უწყებები განაგრძობენ მათ შესწავლა-გამოძიებას?

ამ კითხვაზე სახელმწიფო ინსპექტორმა ასე გვიპასუხა:

„სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ კანონში პირდაპირ არის მითითება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცემა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2022 წლის 01 მარტიდან. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეებს, ასეთი მითითება (ახალი სამსახურისთვის გადაცემის შესახებ) პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არ არის“.

დღეის მონაცემებით, სახელმწიფო სამსახურის წარმოებაშია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც უწყებას დღემდე არ მიუღია ექსპერტიზის დასკვნა.

მათ შორის, ყველაზე პრობლემურია კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები - სამსახურს, მისი შექმნის დღიდან დღემდე, არ მიუღია არცერთ საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის მათზე, რომლებზეც გამოძიება დაიწყო და ექსპერტიზა დაინიშნა 2019 წელს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიკითხეთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის ბედიც - როგორც ცნობილია, ყველა ელის ინსპექტორის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების ეპიზოდზე და გვაინტერესებდა, ასევე მოასწრებს თუ არა ლონდა თოლორაია პოსტის დატოვებამდე ამ დასკვნის გასაჯაროებას.

გვითხრეს, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ ეტაპზე გამოკითხულია 150-მდე მოწმე და ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

რომ ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებიც.

რომ დანიშნულია არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, რომლის დასკვნები მიღებული არ არის.

და რომ დასკვნის გამოქვეყნების კონკრეტული თარიღის დასახელება ამ ეტაპზე გაჭირდება.

სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება გუშინ, სამ იანვარს, მკაცრად გააკრიტიკა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და დაწერა, რომ „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა“ და რომ მან საზოგადოებას არ მიაწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად, სათანადო კონსულტაციების გარეშე მიღება“.

ამ განცხადებას თავად ლონდა თოლორაიაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, გადახედონ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას:

„მე არ ვიცი, ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტს დარჩა ერთი შანსი, რომ დაფიქრდეს. და თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.

30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებებს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG