პრაღის საქალაქო სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამის თაობაზე იტყობინება, Novinky.cz.
სასამართლოს ბრალდებული არ ესწრებოდა, განაჩენი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი. სავარაუდოდ, 49 წლის მარტინ სუკუპი დონბასში იმყოფება. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს.
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის, სილვია სლეპიჩკოვას თანახმად, სუკუპს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ის ადრე ჩეხეთის არმიის ოფიცერი იყო და ბოროტად გამოიყენა სამეთაურო გამოცდილება, ბრძოლებში ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთო, ვიდრე ამგვარი ქმედების გამო ბრალდებული სხვა პირები.
გამოძიების თანახმად, სუკუპი უკრაინაში, ბრძოლებში, სეპარატისტების მხარეს ჩაერთო უკვე 2014 წელს და სატანკო ბატალიონის მეთაურობას მიაღწია, მონაწილეობდა ბრძოლებში, რომელთა დროსაც, საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. პროკურორის თქმით, სუკუპი 2018 წლის მაისამდე იყო ჩართული ბრძოლებში.
ჩეხეთის სასამართლოს წინაშე არაერთი პირი წარდგა, უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობის გამო და მათ სხვადასხვა სიმკაცრის განაჩენი გამოუტანეს.
სექტემბერში პრაღის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა არაერთხელ ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, დონბასში ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობის გამო. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, ბრალდებული სასამართლოს არ ესწრებოდა.
20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის სასამართლომ იმავე სექტემბერში 27 წლის ლუკაშ ნოვაჩეკს, რომელიც პრორუსულ სეპარატისტულ რაზმებთან ერთად იბრძოდა უკრაინის აღმოსავლეთში.
დაწერეთ კომენტარი