Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის


კოლექტიური უსაფრთხოებს ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივი სამხედრო სწავლება. ტაჯიკეთი, 2021 წ. 18 ოქტომბერი.
კოლექტიური უსაფრთხოებს ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივი სამხედრო სწავლება. ტაჯიკეთი, 2021 წ. 18 ოქტომბერი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის ქვეყნის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თხოვნით. ამის შესახებ ფეისბუკში გამოაქვეყნა განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია.

ტოყაევმა ოთხშაბათს საღამოს ითხოვა დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან. ფაშინიანის თქმით, ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს „დროში შეზღუდული პერიოდით, ამ ქვეყანაში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციისთვის“.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის სამშვიდობო კონტინგენტზეა ლაპარაკი.

ყაზახეთში მეოთხე დღეა მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

XS
SM
MD
LG