Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის სასამართლო ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელს განიხილავს მისთვის ვიზის გაუქმების გამო


ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

ავსტრალიის სასამართლო 6 იანვარს განიხილავს ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელს მისთვის ვიზის გაუქმების თაობაზე. მსოფლიო რეიტინგით პირველ ჩოგბურთელს ავსტრალიამ უარი უთხრა ქვეყანაში შეშვებაზე და ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ჯოკოვიჩის სარჩელის განხილვა ადგილობრივი დროით 16 საათისთვის არის ჩანიშნული.

5 იანვარს ავსტრალიის სასაზღვრო დაცვამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა ჯოკოვიჩს. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, 34 წლის სერბმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ორჯერ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ ან რომ მისთვის დაშვებულია გამონაკლისი სამედიცინო მოსაზრებებით.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დამოუკიდებელმა სამედიცინო კომისიამ გამონაკლისი დაუშვა და მას ნება დართო, არ გაიკეთოს ვაქცინა.

ტურნირის ყველა მონაწილე ვალდებულია, სრულად იყოს აცრილი ან ჰქონდეს ვაქცინისგან თავის შეკავების დადასტურებული უფლება. აუცრელად ქვეყანაში შეშვების ერთ-ერთი საფუძველია, მაგალითად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი COVID-19. არ არის ნათელი, ასეა თუ არა ჯოკოვიჩის შემთხვევაში.

ჯოკოვიჩმა, რომელიც სარეკორდო 21-ე „გრენდ სლემის“ ტურნირში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში, ადრე მიანიშნა, რომ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ამასთან მას არასოდეს გამოუქვეყნებია თავისი ვაქცინაციის სტატუსი.

ავსტრალიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმკაცრესი ამკრძალავი ზომების შემდეგ პირველად აღინიშნება COVID-19-ის შემთხვევათა მომრავლება.

ავსტრალიის ზრდასრული მოსახლეობის 90 პროცენტი ვაქცინირებულია, მაგრამ მოქმედი წესების გამო ბევრ ადამიანს კვლავაც არ შეუძლია შტატებს შორის ან უცხოეთში მოგზაურობა.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 17 იანვარს იხსნება მელბურნში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG