Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გადაწია


რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადას ახანგრძლივებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ციხეში მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", - თქვა შოთა თუთბერიძემ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.

3 იანვარს სააკაშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ იმის გამო, რომ მასთან ვერ შედიოდა ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფი და არ იყო დაცული კონფიდენციალურობა ციხეში მასთან საუბრის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას გეგმავდა. ამ პირობების შესასრულებლად სააკაშვილი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატები ამბობდნენ, რომ კომუნიკაციას პირისპირ ვერ ახერხებდნენ, ვერ ცვლიდნენ წერილობით ინფორმაციას, რადგან აღმართული იყო მინის ბარიერი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG