Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერთა თქმით, შეუძლებელია რუსეთ-უკრაინის პრობლემის მოგვარება ევროკავშირის გარეშე


ურზულა ფონ დერ ლაიენი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი.
ურზულა ფონ დერ ლაიენი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი.

ევროპის კომისიისა და ევროკავშირის ახალი მორიგე თავმჯდომარის, საფრანგეთის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ევროპის მონაწილეობა პროცესში, რომელშიც რუსეთი და დასავლეთი განაგრძობენ დიპლომატიურ დაპირისპირებას უკრაინაში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის თაობაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 7 იანვარს განაცხადა, რომ „ერთი რამ ნათელია: ევროპის გარეშე არ შეიძლება საკითხის მოგვარება. როგორც უნდა მოგვარდეს ის, ევროპა მასში უნდა მონაწილეობდეს“.

შეერთებული შტატები და ევროკავშირში მისი პარტნიორები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. უკანასკნელ ხანებში მოსკოვი უკრაინის საზღვართან თავს უყრის დიდძალ სამხედრო ძალას და მოითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპის კავშირი „ძალიან არის“ უკრაინაში, მათ შორის კიევისთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების სახით და ბლოკის დამოკიდებულების გამო უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ რუსეთის ბუნებრივ აირზე.

ფონ დერ ლაიენთან ერთად გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა რუსეთ-ამერიკის პირდაპირ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი. მაგრამ მაკრონმა აღნიშნა, რომ „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“ არის „ჩვენი ასაშენებელი“.

წლის დასაწყისში საფრანგეთმა ოფიციალურად გადაიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა.

მაკრონმა ევროკავშირს მოუწოდა, საკუთარი მოლაპარაკებები გამართოს მოსკოვთან და დასძინა, რომ „დიალოგი არ ნიშნავს დათმობებზე წასვლას.“

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები 10 იანვარს გამართავენ ჟენევაში შეხვედრას, რის შემდეგაც უკრაინის საკითხი ნატო-რუსეთისა და ევროკავშირის შეხვედრების დღის წესრიგში იქნება.

XS
SM
MD
LG