Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციას მართავენ უკრაინის თემაზე


ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს ვიდეოკონფერენცია. მასზე მსჯელობენ ალიანსის პოზიციაზე მომავალი კვირის რამდენიმე მსხვილი შეხვედრის წინ, რომლებიც უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს მიეძღვნება.

7 იანვრის კონფერენციის ფონია დასავლეთის შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსეთის დიდძალი ჯარების თავმოყრის გამო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გარანტიების მოთხოვნა, რომ ნატო კიევს არ მისცემს ალიანსში გაწევრიანების უფლებას.

პოსტსაბჭოთა უკრაინამ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს ებრძვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა 2014 წელს, არაერთხელ განაცხადა, რომ მისი სტრატეგიული და საგარეოპოლიტიკური მიზანი არის ნატოში წევრობა. 2008 წელს ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ ნატოს სრული წევრები გახდებიან.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 6 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა „უკრაინის საზღვრებთან საფრთხის შემცირების“ შესახებ.

აშშ-ისა და რუსეთის ვეტერანი დიპლომატები 10 იანვარს ჟენევაში შეიკრიბებიან კრიზისის თავიდან აცილების მიზნით. იმავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ესტუმრება ნატოს შტაბ-ბინას. ამის შემდეგ დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი შეხვედრა 2019 წლის შემდეგ, 13-14 იანვარს კი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG