Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფართო და სახიფათო უფლებებით" - რუსული მისია ყაზახეთში


 ქალაქი ალმათი, 7 იანვარი, 2021 წელი
 ქალაქი ალმათი, 7 იანვარი, 2021 წელი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მრავალეროვანი მისიის სახელით, ყაზახეთში, 6 იანვარს შესულ სამხედრო კონტინგენტს, 7 იანვარს სათავეში რუსი გენერალი ჩაუდგა.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი 2014 წელს რუსეთის სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა ყირიმში; ხოლო ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთმა მაშინ ყირიმში გაგზავნა, 2008 წელს საქართველოში იბრძოდნენ.

„ათობით ადამიანის“ სიკვდილის შემდეგ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 7 იანვარს აცნობა მოსახლეობას, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებს, თუმცა „ტერორისტები ისევ იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას“.

„ტერორისტებს“ ტოყაევი იმ ათასობით ამბოხებულს უწოდებს, რომლებიც ყაზახეთის ქალაქებს 2 იანვარს გაზის გაძვირების გამო დაწყებული სოციალური პროტესტის შემდეგ მოედნენ.

„კონტრტერორისტული აქციები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების სრულ განადგურებამდე“, - ასეთი ბრძანება გასცა ტოყაევმა.

ამ ფონზე, ОДКБ-ს ძალების ძირითადი გაცხადებული ფუნქცია ყაზახეთში ჯერჯერობით სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფაა.

პროკრემლისტურმა ძალებმა კი დაიწყეს ლაპარაკი საბჭოთა კავშირის მოდელის აღდგენის იდეაზე. რუსი ანალიტიკოსები არც ყაზახეთის ანექსიას გამორიცხავენ.

ფართო და სახიფათო უფლებებით

„რუსეთის კონტინგენტის ყველა სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და მათ აქვთ რეალური საბრძოლო გამოცდილება“, - თქვა 7 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა და არც სამხედრო ექსპერტებს ეპარებათ ეჭვი, რომ „სამშვიდობო მისიით“ ყაზახეთში შესული რუსეთის ჯარი ბრძოლისთვისაც მზად არის.

ცენტრალური აზიის ქვეყნების ექსპერტი, არკადი დუბნოვი რუსეთის მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ძნელი გასარკვევია, რას და როგორ მოიმოქმედებს რუსეთის მიერ „შირმად გამოყენებული“ ОДКБ, იმავე რუსეთის ინტერესების შესაბამისად. ექსპერტი ასევე იხსენებს, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის საბაბიც თავიდან სრულიად მშვიდობიანი იყო, მაგრამ შემდეგ ეს „მშვიდობა“ 9-წლიან საოკუპაციო ომში გადაიზარდა.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი, 59 წლის ანდრეი სერდიუკოვი, რომელიც მოსკოვმა 7 იანვარს ОДКБ-ს სამხედრო კონტინგენტის მეთაურად გამოაცხადა, 2014 წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ ყირიმის ასაღებად წარმოებულ სამხედრო ოპერაციას და რუსულენოვანი წყაროები მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებადაც „ყირიმის რუსეთისთვის მიერთებას“ ასახელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ОДКБ-ს სხვა წევრი სახელმწიფოების უმნიშვნელო მასშტაბის სამხედრო ნაწილებთან ერთად, ყაზახეთში გადასროლილია:

  • საჰაერო-სადესანტო არმიის (ВДВ) სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა;
  • საჰაერო-სადესანტო არმიის (ВДВ) 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია;
  • საჰაერო-სადესანტო არმიის (ВДВ) 31-ე ცალკეული ბრიგადა.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს, რომ 45-ე ბრიგადამ (მაშინდელი სახელწოდებით - „45-ე სპეცდანიშნულების პოლკი“), აწ გარდაცვლილ პოდპოლკოვნიკ ანატოლი ლებედის ხელმძღვანელობით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დანაღმა ფოთის პორტის ტერიტორია, გაანადგურა ინფრასტრუქტურა და დაატყვევა ხალხი.

ასევე, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 45-ე პოლკმა ჩაძირა ქართული ხომალდები და საქართველოდან გაიყვანა ამერიკული „ჰამერები“.

ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „90-იანი წლების დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში რუსეთმა თავდაპირველად სწორედ საჰაერო-სადესანტო არმია (ВДВ) შეიყვანა“, რადგან შეიარაღებული ძალების ამ დანაყოფს „ყველაზე სწრაფად რეაგირების საშუალებები აქვს“.

რატომ იჩქარა ამჯერად რუსეთმა ყაზახეთში შესვლა, მაშინ როცა, ექსპერტების დაკვირვებით, მსგავსი სამხედრო მიზნებით სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ОДКБ არასოდეს შესულა და მსგავს თხოვნაზე, 2010 წელს უარი უთხრა ყირგიზეთსაც.

ალადაშვილი იხსენებს ასევე, რომ ОДКБ-ს ჩარევას ამაოდ მოელოდა სომხეთიც, ყარაბაღის ბოლო სისხლისმღვრელი შეტაკებების დროს.

„ისტორიული რუსეთი“

რუსი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი თავის მადას ყაზახეთისადმი „მეგობრობის დადასტურებით“ არ ამოწურავს.

პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი და ფსიქოლოგი ლეონიდ გოზმანი, რომელმაც ხელი მოაწერა პეტიციას რუსეთის ჯარის ყაზახეთში შესვლის წინააღმდეგ, „ეხო მოსკვისთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ „საქმე ანექსიამდეც მივიდეს“.

„ძალიან მეშინია, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ გაუძლებს ცდუნებას - მოახდინოს ანექსია ყაზახეთის იმ ტერიტორიისა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულენოვანია და რომელსაც, იმპერიის მომხრეები, ისტორიულ რუსეთს უწოდებენ... ისინი ყაზახეთის ჩრდილოეთს სამხრეთ ციმბირს უწოდებენ... ისტორიულ სამართლიანობაზე ლაპარაკი ომს ნიშნავს“, - ამბობს გოზმანი.

7 იანვარს კი, რუსეთის მედიამ აიტაცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის სიტყვები, სადაც ის ყაზახეთს „ისტორიულ რუსეთად“ მოიხსენიებს.

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ერთ დროს ერთიან უზარმაზარ ქვეყანაში ახლა უმძიმესი მოვლენები ვითარდება. ადამიანები ჩაებნენ უმძიმეს სამოქალაქო კონფლიქტში. რეალურად იღვრება სისხლი.

და ეს აქვე ხდება, ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე... ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ სისხლისღვრის, ამ შეტაკებების, ამ ადამიანური არეულობის მიმართ. და დღეს, შეძლებისდაგვარად ვილოცე, რათა უფალმა მოწყალებით გადმოხედოს ყაზახ ხალხს“, - თქვა რუსეთის პატრიარქმა თავის საშობაო ქადაგებაში. მისი სიტყვები საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეც ქვეყნდება.

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ყაზახეთში 3.5 მილიონი რუსი ცხოვრობს და ისინი ძირითადად დასახლებული არიან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ციმბირს ემიჯნება და რომელსაც რუსული წყაროები რუსეთის საკუთრებად თვლიან.

ანალიტიკოსებს ახსოვთ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პროვოკაციული კომენტარებიც, როცა მან პარალელები გაავლო საბჭოთა კავშირისა და „ისტორიული რუსეთის“ დაშლას შორის. მან თქვა, რომ ეს „გეოპოლიტიკური კატასტროფაა“.

საბჭოთა კავშირის აღდგენა?

ანტიდასავლური პოზიციით გამორჩეული რუსი ჟურნალისტის, ყოფილი პოლიტიკოსის მაქსიმ შევჩენკოს აზრით, ყაზახეთში სიტუაციას პირველივე დღიდან პუტინი აკონტროლებს.

მეტიც, შევჩენკო ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, პეტერბურგში ბოლო შეხვედრის დროს, გააფრთხილა, რომ მას აღარ გაუვა მერყეობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და რომ არჩევნის გაკეთების დრო დადგა.

„ვფიქრობ, ნაზარბაევსა და მთლიანად ყაზახეთს [პუტინმა] გასაგები და მკაფიო წინადადებით მიმართა - ჩვენ ვგეგმავთ დიდ ევრაზიულ ინტეგრაციას, ვაპირებთ საბჭოთა კავშირის აღდგენას თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში - სახელმწიფოთა კავშირის შექმნას და გთავაზობთ, რომ რაც შეიძლება გარკვევით და ნათლად განსაზღვროთ დამოკიდებულება... მოსკოვი არ დაუშვებს, რომ ყაზახეთის ხელისუფლებაში იყვნენ თუნდაც რაღაცნაირი დასავლელი ან პროდასავლელი ელიტები “, - ამბობს შევჩენკო.

ის ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული რეალობის ფონზე, ყაზახეთში, კარგად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, პოლიტიკურ ელიტაში დაპირისპირების შედეგად და ამ ყველაფრის დასასრული იქნება „ყაზახეთის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაცია რუსეთთან“.

ამაზევე ლაპარაკობს „ეხო მოსკვისთან“ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც, ექსპერტების დაკვირვებით, ხშირად კრემლის გზავნილებს ახმოვანებს.

ჟირინოვსკი ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის შექმნილი და მალევე დაშლილი ГКЧП-ს (სსრკ-ში საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) გაგრძელებაა.

ჟირინოვსკი ამ კონტექსტში ახსენებს საქართველოს და მის ყოფილ პრეზიდენტებსაც:

„[ყოფილ საბჭოთა კავშირში] ყველგან, სადაც ხელისუფლება მოვიდა ГКЧП-ს შემდეგ, ყველა წავიდა - სად არის ახლა გამსახურდია? ის უკვე მოკვდა... სად არის სააკაშვილი? ის ციხეშია... ახლა [საქართველოში] მეტ-ნაკლებად ზომიერები არიან... თურქმენეთის ლიდერი საერთოდ რუსეთის მეგობარია, უზბეკეთის ახალი ლიდერიც... ტოყაევიც [ყაზახეთში] რუსეთის მეგობარი იქნება... ლუკაშენკოც ჩვენი მეგობარია“.

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, მაიკლ მაკფოლი ტვიტერზე წერს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ОДКБ-ს მიწვევა 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ასოციაციებს იწვევს.

  • 1956 წელს საბჭოთა არმია აწარმოებდა სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დემოკრატიისთვის მებრძოლი უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად. ხალხის აჯანყება დამარცხდა.
  • ყოფილი ჩეხოსლოვაკია საბჭოთა ჯარმა 1968 წელს დაიპყრო და ეს გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ „ინტერნაციონალური დახმარების“ ეგიდით მიიღო.

„იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“, - წერს მაიკლ მაკფოლი და დასავლეთის ქვეყნებსა და გაეროს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG