Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ-ს შეკითხვები აქვს, რატომ ითხოვა ყაზახეთმა გარეშე სამხედრო ძალების დახმარება


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს შეკითხვები აქვს ყაზახეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ თხოვნაზე, დაეხმარონ მას საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავებაში. ყაზახეთში უკანასკნელ დღეებში მომხდარ არეულობებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

ბლინკენის თქმით, ყაზახეთის ხელისუფლებას „ნამდვილად შესწევს უნარი, თავად გაართვას თავი საპროტესტო გამოსვლებს“ ისე, რომ პატივი სცეს დემონსტრანტთა უფლებებს და ამავე დროს დაიცვას კანონი და წესრიგი.

„ამიტომ არ არის ნათელი, რატომ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გარეშე დახმარება,“ თქვა ბლინკენმა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ყაზახეთმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი.

რუსეთმა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნა ორგანიზაციის ეგიდით.

ბლინკენის კომენტარამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მკაცრი განცხადება გააკეთა და უშიშრების ძალებს უბრძანა, გაუფრთხილებლად ესროლონ „ბანდიტებს“, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის პოლიცია ვითარებას აკონტროლებს ქალაქების უმრავლესობაში.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, გაწმენდილია შეტაკებების ერთ-ერთი მთავარი ადგილი, რესპუბლიკის მოედანი ქალაქ ალმათიში.

XS
SM
MD
LG