Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი: სამხედრო ბანაკში სროლას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სამხედრო ოფიცერმა მინიმუმ სამი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რეგიონში, თუმცა შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველთა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

9 იანვარს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრეს, რომ სავარაუდოდ სამხედრო ოფიცერმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის ტომობრივ რეგიონში. მათი თქმით, ამის შემდეგ ოფიცერმა იარაღი შემოატრიალა და თავი მოიკლა.

პაკისტანის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 9 იანვარს მინიმუმ ოთხი გვამი გადაასვენეს ხიბერ პახტუნხვის პროვინციის დედაქალაქ ფეშავარის გაერთიანებულ სამხედრო ჰოსპიტალში.

მაგრამ თვითმხილველებმა სხვა ინფორმაცია მიაწოდეს რადიო თავისუფლებას. სამი წყაროს თანახმად, სროლა მოხდა სამხედროთა კონტროლქვეშ მყოფ „დერადიკალიზაციის ცენტრში“, სადაც დაკავებული წყავთ და წვრთნიან „ტეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანისა“ და ქვეყანაში მოქმედი სხვა გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს, რათა საზოგადოებაში მათს რეინტეგრაციას შეუწყონ ხელი.

წყაროთა თქმით, ცეცხლი ყოფილმა რადიკალმა მეომარმა გაუხსნა ჯარისკაცებს, სამი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც წყაროები ამბობენ, არ არის ნათელი, ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღი ერთ-ერთ ჯარისკაცს წაართვა თუ უკვე შეიარაღებული იყო.

XS
SM
MD
LG