Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარზე სროლისას აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სომხეთის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა


სომხეთის სამხედრო მოსამსახურე წვრთნისას. 2021 წ. დეკემბრის ფოტო.

11 იანვარს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი სროლისას აზერბაიჯანის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სომხეთის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ძალის გამოყენებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა ადგილობრივი დროით 15:15 წუთზე გახსნეს ცეცხლი საზღვრისპირა რაიონში ვერინ შორჟის მახლობლად, აღმოსავლეთ სომხეთის გეარქუნიქის პროვინციაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და „მოწინააღმდეგის ცეცხლი შეწყვეტილ იქნა სომხეთის მხარის საპასუხო მოქმედებების შედეგად.“

„17:00 საათის მდგომარეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილური ვითარებაა და სომხეთის შეიარაღებული ძალების სრულ კონტროლს ექვემდებარება,“ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა „სომხეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მოწინააღმდეგე უკუგდებულ იქნა აზერბაიჯანის არმიის შესაბამისი ქმედებების შედეგად“.

ბაქომ განაცხადა, რომ „უკანასკნელი დაძაბულობისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG