Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: გავეცნობით დასაბუთებულ განაჩენს და გადავწყვეტთ გასაჩივრების საკითხს


პროკურატურა გაეცნობა სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე და შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა მას, აცხადებს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.

„სასამართლომ განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება მხოლოდ შეცვალა კვალიფიკაციის ნაწილში. ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ. შესაბამისად, როცა მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში“, - თქვა ტყეშელაშვილმა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო 16,7 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე, თუმცა საქმის კვალიფიკაცია შეცვალა ჯგუფური თაღლითობის მუხლით. ამასთან, ისინი სასჯელს არ მოიხდიან „სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო“.

მოსამართლემ მოკლედ განმარტა კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და თქვა:

„ბრალის მიხედვით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი მოქმედებები, რომელიც მოიცავდა 194-ე მუხლს (ფულის გათეთრება), არის იმ 180-ე მუხლის (თაღლითობა) გაგრძელება, რომლის თაობაზეც უკვე გამოტანილი იყო დევნის არაღძვრის თაობაზე დადგენილება თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ის არის ერთიანი ქმედება, რომელსაც შეეძლო, რომ მოსდავებოდა ბრალდების მხარე“, - განაცხადა განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დანაშაულის ჩადენას უარყოფენ და სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„ფულის გათეთრების“ საქმის შესახებ

TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 10 წლის წინ [2008 წლის აპრილ-მაისში] მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა - სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი დაფუძნების იდეის შესახებ - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.

ხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოძიება სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავებოდა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა. ის ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა.

ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით” TBC-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.

აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე - პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გადარიცხვები და “ფიქტიური სესხი” საქმის ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნის გამოიყენეს. ბრალდებულები, სესხის გაცემის და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ თიბისი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად დაჭირდათ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც “ფულის გათეთრება” დაერქმევა “თეთრი ფულის” დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.

“ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ მან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი] მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის შემცველი წერილი მიიღო, სადაც საუბარი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ხაზარაძემ ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ეს ფაქტი მან 2022 წლის 11 იანვარს, დასკვნით სასამართლო სხდომაზე საბრალდებო სიტყვაშიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ გასულ წელს ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის “დალაგების და დასრულების” შემოთავაზებით.

ამ საქმეზე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG