Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნა დანაშაულად შეფასდა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციაში ფარსი უწოდეს, ადგილობრივი „პარლამენტის“ წევრთა ნაწილის მოთხოვნას, ბიბილოვისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის საიტზე დღეს, 12 იანვარს გამოქვეყნდა „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ განცხადება იმის შესახებ, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, დეპუტატების გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს ქაოსის წინასწარ დასათესად“.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია "სასაცილოს" უწოდებს ბიბილოვის დადანაშაულებას „რესპუბლიკის ტერიტორიის ხელშეუხებლობის და ხალხის თანხმობის გარეშე საზღვრის სტატუსის შეცვლის კონსტიტუციური მუხლის“ დარღვევაში.

„სახელმწიფოს მეთაურის ანატოლი ბიბილოვის პრაქტიკულად, სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებით, დეპუტატთა ჯგუფმა საკუთარ თავზე აიღო სერიოზული პასუხისმგებლობა და დანაშაული ჩაიდინა“, - აცხადებენ ბიბილოვის ე.წ. ადმინისტრაციაში.

11 იანვარს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის 34-დან 14-მა წევრმა განსახილველად დააყენა ანატოლი ბიბილოვისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი. ინიციატორთა შეფასებით, ბიბილოვის ქმედებებში იკვეთება დარღვევა "საკონსტიტიციო ნორმებისა", რომლებიც უზრუნველყოფენ „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“. ბიბილოვისადმი პრეტენზიებს შორისაა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის ადეკვატური ზომების გარეშე დატოვება და მისი განცხადება, რომ სოფლები გუჯაბარი, არცევი და ორჭოსანი საქართველოს ტერიტორიაა.

საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება. უარის შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 2019 წლის 4 სექტემბრიდან საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორისა და საჩხერის რაიონებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG