Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანაკლიის კონსორციუმი“ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილებას პოლიტიკური სახის შენარჩუნებად აფასებს


„ანაკლიის განვითრების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. კონსორციუმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, „ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“.

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“,- ნათქვამია კონსორციუმის განცადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ „გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ“.

სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა“

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებაში დაასკვნის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, მმართველი პარტიის განზრახვას ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

“სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“,- ნათქვამია ანაკლიის განვითრების კონსორციუმის განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ თანადამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისინი დამნაშავედ ცნეს არა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, არამედ თაღლითობაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დღიდანვე აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის ივლისში წაუყენა ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გამოძიების თანახმად, საქმე ეხებოდა 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ითვალისწინებდა 9-დან 12 წლამდე პატიმრობას. ამავე საქმეზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარების მუხლით ბრალდებული იყო ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 3-წლიანი სასამართლო პროცესი დღეს, 12 იანვარს დასრულდა განაჩენის გამოცხადებით. მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში და სასჯელად განუსაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლა ავთანდილ წერეთელიც.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი დღემდე არ ჩაუტარებია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები შეიტანეს და პროექტში თავიანთი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG