Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა" - „ფულის გათეთრების საქმე“ და ანაკლიის პორტი


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "ლელოს" ოფისში, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ - 12 იანვარი, 2021 წელი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "ლელოს" ოფისში, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ - 12 იანვარი, 2021 წელი

3-წლიანი მარათონი ისევ გრძელდება. არ დაიჭირეს, მაგრამ „ფულის გამთეთრებლის“ შემდეგ, ახლა „თაღლითის" იარლიყის მოსაშორებლად დაიწყებენ ბრძოლას მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. სასამართლოს 12 იანვრის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ „საბოლოოდ მაინც ვერ გაბედა“ დაეჭირა „ლელოს“ ლიდერები და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრი, მაგრამ სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტთა წრეებში ასევე დარწმუნებული არია, რომ „გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა“ და მაგალითად ანაკლიის პროექტი და ინვესტორთა დაფრთხობა მოჰყავთ.

რას ამბობს განაჩენი?

გამოძიება იმთავითვეს სს კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო და საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე აღიძრა. 2019 წლის ივლისში პროკურატურამ „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და მოგვიანებით ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც ფულის გათეთრებაში, დასდო ბრალი.

საქმე შეეხებოდა 2008 წლის საბანკო ტრანზაქციებს, რომლებიც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებამდე 11 წლით ადრე მოხდა.

მაგრამ 2021 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო არა ფულის გათეთრების მუხლით (194-ე), არამედ 180-ე მუხლის ორი ნაწილით, რაც დიდი ოდენობის ქონებასთან დაკავშირებულ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

სასამართლოს მიერ მისჯილ 7-წლიან საპატიმრო სასჯელს, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არცერთი ბრალდებული აღარ მოიხდის. მუხლის ცვლილება იურისტებისთვის მოულოდნელი იყო.

რატომ შეცვალა მოსამართლემ მუხლი?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეს პროკურატურის ხრიკია“, რომელსაც სასამართლომ აუბა მხარი.

„180-ე მუხლით პროკურატურა გამოძიებას საერთოდ ვერ დაიწყებდა, რადგან [10-წლიანი] ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო და ამიტომ დაიწყეს გამოძიება 194-ე მუხლით [ფულის გათეთრება]... ვფიქრობ, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არასწორი კვალიფიკაცია იყო, მაგრამ საქმის გასაცოცხლებლად ასე დასჭირდათ“, - ეუბნება სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი განმარტებით, „ჩვენი კანონმდებლობის ერთგვარი ანომალიაა“, რომ, მართალია, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ,180-ე მუხლით საქმის აღძვრა არ შეიძლება, მაგრამ უკვე მერე, სასამართლოს, ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია ამ მუხლით სასჯელის შეფარდება.

„გამოდის, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს იმ მუხლით, რომლის მიხედვითაც საქმის აღძვრის საშუალება არა აქვთ საგამოძიებო ორგანოებს“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ვიდრე საია ამ საქმის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს უწევდა, შეფასებებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ - „ამ საქმეში ნამდვილად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები“.

„პოლიტიკური მართლმსაჯულება“

„ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად - ასეთი მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა და ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამდე, ვიდრე თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებსა და ღირსებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო“, - თქვა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, 12 იანვარს, პარტიის ოფისში, განაჩენის ტელევიზიით მოსმენის შემდეგ.

„ლელოს“ ოფისში, ამ დროს მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც და ისინი "ივანიშვილის მართლმსაჯულების" უკან დახევაზე ლაპარაკობდნენ.

მესამე ბრალდებულმა, ავთანდილ წერეთელმა მოსამართლის მიერ წაკითხული განაჩენი ტელეკომპანია „პირველის“ ოფისში, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების გარემოცვაში მოისმინა. ის „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ და ბრძოლას გააგრძელებენ „თაღლითის იარლიყის“ მოცილებისა და სრული გამარჯვებისთვის.

პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელი დაერქმევა დანაშაულს:

„რა ჰქვია ამას თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები... სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ თქვა - დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო.

ფაქტები სადავო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა, ვფიქრობ, რომ ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება“.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან მიმართებით პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI).

ამ ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, პოლინ დევიდმა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გამოქვეყნებულ დასკვნაში დაწერა, რომ ამ საქმეში ფულის გათეთრების ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. ის ლაპარაკობდა ბრალდებულთა მიმართ „სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაზეც“.

როგორც TI-ის ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ეუბნება რადიო თავისუფლებას, აშკარად შესამჩნევი იყო ის გარემოებაც, რომ საქმეზე სასამართლო პროცესები არჩევნების წინ აქტიურდებოდა და "ხალხთან შეხვედრების ნაცვლად, პოლიტიკოსებს სასამართლო სხდომებზე უწევდათ სიარული".

გიგაურის თქმით, ხელისუფლებამ ეს საქმე კიდევ ორი მიზნის მისაღწევად გამოიყენა:

„რეალურად, შეჩერდა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის პორტის მშენებლობა და ეს პირველ რიგში ამ საქმის გამო მოხდა... დღევანდელი განაჩენით კი, აშკარად ვხედავთ, რომ ბიზნესმენებს თაღლითის იარლიყი მიაწებეს და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. მათ შორის - ივანიშვილმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რეპუტაციული ზიანი ბიზნესმენებისთვის... როცა ეჭვია თაღლითობაზე, ვიდრე საქმეში გაერკვევიან, ძნელია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და უცხოელი ინვესტიციების დაინტერესება“.

ანაკლიის პორტი

„ლელოს“ ლიდერები 3 წელია იმეორებენ, რომ მათი საქმე „ანაკლიის პორტის ჩასაძირად შეიკერა“, რათა, მათ შორის - ამერიკული ინვესტიციებით აშენებულ ამ სტრატეგიულ ობიექტს რუსეთი არ გაეღიზიანებინა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებდა, რომ პორტის მშენებლობაში ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა და ხელშეშლა 2018 წლის შემოდგომიდან იგრძნობოდა.

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გაიმარჯვა;
  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გადადგა და მიზეზად მმართველ გუნდთან შეუთანხმებლობა დასახელდა;
  • ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა - კვირიკაშვილის მისამართით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებით;
  • ივანიშვილი აკრიტიკებდა „თიბისი ბანკს“ და მამუკა ხაზარაძეს;
  • „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ საქმის გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო.

როცა ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ექსპერტების ნაწილმა მაშინვე ივარაუდა, რომ ეს პროცესი სწორედ ანაკლიის პროექტის შეჩერებით დასრულდებოდა.

„ფულის გათეთრების საქმის“ გახმაურება დროში დაემთხვა პროცესს - როცა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ დაარსებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ინვესტორებთან გადამწყვეტ მოლაპარაკებებს მართავდა. ექსპერტები შიშობდნენ, რომ, სხვა თუ არაფერი - ინვესტორები დაფრთხებოდნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამუდმებით უარყოფდა ოპონენტების ბრალდებებს და აცხადებდა, რომ ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმე მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტი იყო; ხოლო ანაკლიის პროექტის მშენებელმა კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და კონტრაქტიც ამიტომ გაუწყვიტეს.

  • 2019 წლის 9 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე მიმდინარეობს;​
  • 2020 წლის 9 იანვარს მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება უწყდება.

„Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ამ საქმესა და ანაკლიის პორტს შორის კავშირს თავიდანვე ხედავდა და ახლაც ხედავს. 12 იანვარს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა“ და რომ საქმის გამოსწორებას ხანგრძლივი პროცესები დასჭირდება.

„იმით, რაც გაფუჭდა, ზიანი მხოლოდ ამ სამმა ადამიანმა არ მიიღო. დიდი ზიანი მიიღო მთელმა ქვეყანამ. დავაზიანეთ ჩვენი საინვესტიციო რეპუტაცია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით - ნდობა, გამჭვირვალე მიდგომები და სამართლიანი გარემო. ჩვენ ეს ვერ უზრუნველვყავით. ამ საქმეს თვალს ადევნებდნენ ინვესტორები... მე არ ვიცი, რამდენად არის დღეს მომენტუმი, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს, მაგრამ მე ვიცი, რომ დღეს რომ ეს პორტი გვქონდეს, ჩვენ ვიქნებოდით გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში“, - უთხრა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას.

„ლელოში“ ამბობენ, რომ ახლა, როცა რუსეთი ნატოსა და აშშ-ს ულტიმატუმების ენით ელაპარაკება, ხოლო უკრაინას რეალური ომით ემუქრება, ანაკლიის პორტის არსებობა საქართველოსთვის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ბევრად უფრო მტკიცე პოზიციებს უზრუნველყოფდა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის შეწყვეტა, როგორც პრობლემური თემა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც მოხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებსა და ბიზნესმენებს ამაში ეჭვი ეპარებათ“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG