საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და დამოუკიდებელი წევრობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. წინა კონკურსში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტში ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო მათი 5 წლის ვადით დასანიშნად, ამიტომ 6 თვის ვადით იმუშავეს.
თავმჯდომარეობა სურთ:
- თამაზ ფოლადაშვილს (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეოფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერს);
- თენგიზ თევზაძეს (სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელ დირექტორს);
- გიორგი შაიშმელაშვილს (არ აქვს მითითებული სად მუშაობს);
- გიორგი კალანდარიშვილს (ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს).
წევრობას სურთ:
- ქრისტინე ქაჯაიას (საარჩევნო სისტემების განვითარების, რეოფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერს);
- ლევან ისაკაძეს (გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს);
- ციალა შავაძეს (ცესკოს წარმომადგენელს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში);
- რუსუდან მუმლაძე-ავალიანს (ამჟამად უმუშევარი);
- მამუკა ხოლეგაშვილს (ადვოკატს);
- მაია ზარიძეს (ცესკოს წევრს);
- გია ცაცაშვილს (ცესკოს წევრი).
კანდიდატებთან გასაუბრებას სპეციალური კომისია ხვალ, 14 იანვარს დაიწყებს. გასაუბრებას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს კომისია პარლამენტს გადაუგზავნის, სადაც კანდიდატებს შეაფასებენ და კენჭს უყრიან.
ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად აუცილებელია 100 დეპუტატის ხმა. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი საჭირო ხმებს ვერ მიიღებს ჩატარდება კიდევ ერთი კენჭისყრა, სადაც საკმრისი იქნება 76 დეპუტატის თანხმობა. ამ შემთხვევაში კანდიდატები 6 თვის ვადით დაინიშნებიან.
ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები 6 თვით პარლამენტმა 2 აგვისტოს დაამტკიცა. მაშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცესკო თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა, წევრები კი გია ცაციშვილი და მაია ზარიძე.
დაწერეთ კომენტარი