Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სასამართლო სხდომაზე ლურსმნები გადაყლაპა


სოხუმის საქალაქო სასამართლო ოპოზიციონერი ლიდერის ანრი ინაპშბასადმი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას განიხილავდა, პროკურატურა მისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და ინაპშბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.

„ნუჟნაია გაზეტას“ თანახმად განაჩენის გამოცხადების შემდეგ იანპშბამ ლურსმნები გადაყლაპა და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

ინაპშბა, გასული წლის 21 დეკემბრის ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეა, ის მასობრივი არეულობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დააკავეს.

სასამართლომ კიდევ ერთ აქტივისტს ბაგრატ სურმავას 20- დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

სურმავა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ვალერი კვარჩიას ძმისშვილი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კან კვარჩიას ბიძაშვილია.

11 იანვარს სოხუმის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ბატალ ცვიჟბას 1,5 თვით (22 თებერვლამდე), ასლან ტანიას - 15 დღით (23 იანვრამდე) პატიმრობა მიუსაჯა. რამაზ ჯოპუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა მიუსაჯა 22 მარტამდე.

2021 წლის 21 დეკემბერს, სოხუმის ცენტრში გაიმართა ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი "აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელიც აფხაზური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ. ოპონენტები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის ხელისუფლებას ადანაშაულებენ ყველა სფეროში მწვავე კრიზისის შექმნაში, კორუფციასა და განუკითხაობაში.

აქციის წინ, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აღიარებენ პრობლემების არსებობას, მაგრამ მოუგვარებელ საკითხებს არ მიიჩნევენ „სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობის შერყევის საფუძვლად“. დე ფაქტო პრეზიდენტმა ოპონენტებს შესთავაზა სხვადასხვა საკითხზე ღია და კონსტრუქციული დიალოგი და განაცხადა, რომ "უკანონო, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს" აღკვეთდნენ.

9 იანვარს აფხაზმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს 2021 წლის 21 დეკემბერს, სამთავრობო შენობებთან გამართული საპროტესტო აქციების 5 მონაწილე.

სოხუმის პროკურატურა დაკავებულებს მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათ ბრალი ედებათ დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის I და II ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულში („მასობრივი არეულობის ორგანიზება, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, ქონების განადგურება, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება“), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 10 წლამდე. დაკავებულებს ასევე ბრალი წარუდგინეს 320-ე მუხლის I ნაწილით („ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საშიში ქმედებით ან ძალადობის მუქარა“), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 30-დან 60 ათას რუსულ რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

21 დეკემბრის აქციის მონაწილეების დაკავებამ უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში. დაკავების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ პოლიტსაბჭომ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტებისა და ომის ვეტერანების ნაწილმაც უარყოფითად შეაფასა ეს ფაქტი და ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG