Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აღნიშნავს სახელმწიფო დროშის დღეს


14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ამ დღეს საქართველო მეათედ აღნიშნავს. სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოფენენ საქართველოს ეროვნულ დროშებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 14 იანვარი ორბელიანების სასახლის ეზოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა.

საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:

„სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია. უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აგრძელებენ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, „ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“.

საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

"სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო".

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს დროშა "მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ - ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას".

საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

XS
SM
MD
LG