სომხეთი მოელის, რომ თურქეთთან დიპლომატიური კავშირები დამყარდება და ორ ქვეყანას შორის საზღვრები გაიხსნება იმ მოლაპარაკების შედეგად, რომელიც 14 იანვარს, მოსკოვში იწყება - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქვეყნები კავშირების აღდგენას ცდილობენ, წლების განმავლობაში გაგრძელებული დაძაბულობის შემდეგ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართება როგორც ნაწილი რუსეთის შუამავლობით მიმდინარე უფრო ფართო სამშვიდობო ძალისხმევისა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ვაჰან ჰუნანიანის თქმით, სომხეთის აზრით, თურქეთის მთავრობა "იზიარებს მიდგომას, რომ დიალოგი პირობების გარეშე უნდა დაიწყოს". ჰუნანიანმა აღნიშნა, რომ რუსეთი იქნება შეხვედრის მასპინძელი, და მოლაპარაკების პირველი რაუნდი საკითხებში გარკვევას დაეთმობა. "რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრის შედეგად ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ, მაგრამ პროცესი დაიწყება" - თქვა მან.
სომხეთსა და თურქეთს შორის კავშირები ისტორიულადაა რთული, თუმცა რეგიონში დინამიკა კიდევ შეიცვალა 2020 წელს, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ექვსკვირიანი ომი მოხდა მთიანი ყარაბაღის გარშემო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 13 იანვარს განაცხადა, რომ თურქეთმა დაიწყო "სომხეთთან კავშირების ნორმალიზების პროცესი".
დაწერეთ კომენტარი